საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ქობულეთის ზღვისპირა ზოლის განტვირთვისთვის, ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას აქტიურად აგრძელებს. პირველი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და ამ ეტაპზე, მეორე – 18 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს.
ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, სულ 15 ხიდი აშენდება. მათ შორის არის ხიდები რომელთა მშენებლობაც, ახალი MSS“ ტექნოლოგიით –ბურჯებზე მოძრავი სისტემის ყალიბის გამოყენებით ხორციელდება.
ახალი ტექნოლოგიით მიმდინარეობს სოფ. საჩინოსთან, საქართველოში ყველაზე გრძელი სახიდე გადასასვლელის – ვიადუკის მშენებლობა, რომლის სიგრძე 1 180 მეტრია.
ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები, სავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ დაათვალიერა.
ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა რეგიონისთვის და საერთოდ, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან აჭარის ტერიტორიაზე გაადვილდება ადგილობრივი და სატრანზიტო საავტომობილო მიმოსვლა, მნიშვნელოვნად შემცირდება მგზავრობის დრო და შესაბამისად, ხარჯებიც. აჭარის ზღვისპირა ზოლიდან სატრანზიტო მოძრაობის ახალ გზაზე გადართვა კი ხელს შეუწყობს კურორტების ეკოლოგიურად გაჯანსაღებასა და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას.
პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი ღირებულება 209 852 079.67 ლარია.
ქობულეთის შემოვლით გზაზე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ხიდი შენდება
28/04/2017