ქვეშეთი-კობის გზაზე მთავარი გვირაბი 8 კმ-ზე გაიჭრა

26/11/2023

ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და გვირაბების, მათ შორის, ყველაზე გრძელი, 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. მთავარ, 9 კმ-იან გვირაბში სამუშაოები უკვე 8 კმ-სა და 40 მ-ზე მიმდინარეობს, ხოლო საევაკუაციო გვირაბის მშენებლობა 6170 მ-ზე ხორციელდება. აღნიშნული გვირაბის ბურღვის სამუშაოები ქვეშეთი-კობის პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული TBM (Tunnel Boring Machine) დანადგარით წარმოებს, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას. ამ ეტაპზე, სამუშაოების 90 %-მდე შესრულებულია. ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, ჯამში, შენდება 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი, 5 გვირაბი და რეაბილიტაცია უტარდება 1 ხიდს. გვირაბებს შორის გამორჩეულია 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება.
ახალი გზით ხადის ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა ზამთარში შეინარჩუნებს კავშირს გარესამყაროსთან. გზა აღარ ჩაიკეტება და სოფელში მაცხოვრებლებს ექნებათ წვდომა ყველა საჭირო და აუცილებელ მომსახურებაზე.
ზამთარში აღარც სატრანზიტო მოძრაობა შეიზღუდება, გაიზრდება ტვირთბრუნვა, აშენდება გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზა და ტურისტული ცენტრი, რაც კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის გადაადგილებას და გაზრდის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს.
ახალ გზაზე დაცული იქნება გადაადგილების უსაფრთხოების ყველა საჭირო სტანდარტი და შემცირდება გადაადგილების დროც. თუ ამჟამად ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 საათამდე სჭირდება (ზამთრის პერიოდში – უფრო მეტიც) და ზვავსაშიშროების გამო ხშირად მოძრაობა იკრძალება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ, მონაკვეთის გავლას მხოლოდ 15 წუთი დასჭირდება. თბილისი-გუდაურის მიმართულებით გადაადგილების დროც 2 საათის ნაცვლად, 1 საათი და 30 წუთი გახდება. თბილისი-სტეფანწმინდის მიმართულებით გადაადგილებას კი, 2 საათი და 30 წუთის ნაცვლად, 1 საათი და 45 წუთი დასჭირდება. ქვეშეთი-კობის გზის პროექტი აზიის განვითარებისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკების (EBRD) მხარდაჭერით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია. პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0