ქვეშეთი-კობის გზაზე, 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერზე, დაინტერესებული კომპანიების წინადადებები გაიხსნა. სატენდერო წინადადება სულ 4-მა კომპანიამ წარმოადგინა. შემდეგ ეტაპზე, შემოთავაზებული წინადადებების განხილვა მოხდება და დონორ ორგანიზაციასთან კონსულტაციით გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება. ამ ეტაპზე, სატენდერო წინადადებები წარმოდგენილია პირველი ლოტის (გვირაბის) მშენებლობისთვის.
ქვეშეთი-კობის გზა, სატრანზიტო მნიშვნელობის ჩრდილო-სამხრეთის დერეფანის შემადგენელი ნაწილია. საერთო ჯამში დაგეგმილია 22.7 კმიანი გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის, მათ შორის ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. 9 კმ-იანი გვირაბი ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის, სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება.
ქვეშეთი- კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 ლოტად. გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით. ზამთარში ზვავსაშიშროებისა და რთული მეტეოროლოგიური პიროებების გამო, საავტომობილო მოძრაობა ხშირად იკეტება, ფერხდება სატრანზიტო მიმოსვლა.
ახალი გზა და 9 კმ-იანი გვირაბი მოაგვარებს არსებულ პრობლემებს. სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი.
ახალი გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, არსებული 35 კმ-იანი გზის ნაცვლად ქვეშეთიდან კობამდე გადაადგილების მანძილი 12 კმ-ით შემცირდება და 1 საათიანი მგზავრობის ნაცვლად გზის გავლა 20 წუთში იქნება შესაძლებელი.
ქვეშეთი-კობის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს.
ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობისთვის სატენდერო წინადადებები გაიხსნა
11/09/2018