საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის აეროპორტებში პერიოდულად მოეწყობა ნიჭიერი ადამიანების ნამუშევრების გამოფენა, რათა საქართველოს ყველა სტუმარს, ქვეყანაში ჩამოსვლის პირველივე წუთებიდან მიეცეს შესაძლებლობა, გაიცნოს ჩვენი კულტურა, ჩვენი უნიჭიერესი ადამიანების შემოქმედება. ეს იდეა საქართველოს პრემიერ მინისტრმა 26 სექტემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნის ღონისძიებაზე გააჟღერა. პირველი ასეთი გამოფენის ადგილად ამბროლაურის ახალი აეროპორტი შეირჩა, სადაც 13 ოქტომბერს ონში მცხოვრები 18 წლის ახალგაზრდის – ზაურ გამყრელიძის ქანდაკებების გამოფენა გაიხსნა.ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე კახი კანდელაკი და მხარის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე დაესწრნენ. როგორც ავტორი ამბობს, პლასტილინით ქანდაკებების ძერწვა 14 წლის ასაკში დაიწყო, თუმცა ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში ძერწავდა ათასგვარ ფიგურებს − იმ დღემდე, ვიდრე ყველა ძველ ნამუშევარს პლასტილინის ერთ დიდ გუნდად აქცევდა. ძველს რომ შეელია, ზაურის შემოქმედებაში ახალი ეტაპი დაიწყო: პირველი ქანდაკება 2013 წელს შექმნა და დღემდე აქტიურად მუშაობს. მისი პირველი პერსონალური გამოფენა მიმდინარე წლის ზაფხულში ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართა.ამბროლაურის აეროპორტში ზაურ გამყრელიძის ნამუშევრები ერთი თვის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ პრემიერ მინისტრის ინიცირებული პროექტი სახელწოდებით ART FROM GEORGIA მომავალი წლის იანვარში კიდევ უფრო ფართოდ ქუთაისის აეროპორტში გაიშლება,სადაც წარმოდგენილი იქნება იმერეთის რეგიონში მცხოვრები ნიჭიერი ადამიანების შემოქმედება.
ქვეყნის აეროპორტებში პერიოდულად მოეწყობა ნიჭიერი ადამიანების ნამუშევრების გამოფენა
13/10/2017