ქვეყანაში საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვისთვის საჭირო მნიშვნელოვან საკითხებზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობას ვაგრძელებთ

17/03/2022

„იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მინისტრთან, მის გუნდთან, ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც არის საჭირო ქვეყანაში საზოგადოების უსაფრთხოებისთვის და მართლწესრიგის დაცვისთვის. ჩვენ, ჩვენი გუნდი, შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი გუნდი, „ქართული ოცნების“ გუნდი, რა თქმა უნდა, ვიქნებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვის სადარაჯოზე და პროვოკაციულ ჯგუფებს ყოველთვის სათანადო პასუხს გავცემთ“, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებმა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან სხდომათა დარბაზში არაერთი სპეკულაციური და პროვოკაციული შეკითხვა გაჟღერდა, რომელზეც მინისტრის მხრიდან დეტალურად იყო პასუხი გაცემული.

„ჩვენ მოვისმინეთ არაერთი სპეკულაცია, არაერთი პროვოკაციული შეკითხვა ოპოზიციის ცალკეული წევრების მხრიდან და ეს სხვა არაფერია თუ არა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ადევნებს თვალყურს ყველას გამონათქვამს, მათ შორის, პარტიული ტელევიზიების ნარატივს და ეს სხვა არაფერია, თუ არა, ქვეყანაში მყოფი მეხუთე კოლონის მოქმედება. ეს არის მოღალატეობრივი ქმედება საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ჩვენ მოვისმინეთ დეტალური ინფორმაცია მთელ რიგ სპეკულაციებთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ, რომ ოპოზიციური ჯგუფების გარკვეული ნაწილი სპეციალურად, მიზანმიმართულად, წინასწარი განზრახვით ცდილობს, რომ საზოგადოებაში დათესოს პანიკა, რაც ძალიან კარგად იციან, რომ აისახება ეკონომიკაზე და ფინანსურ სექტორებზე და ამით როგორმე სცადონ ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა. მანიპულირებენ რა თქმა უნდა, სანქციებით და ეს არის ის ხალხი, რომლებმაც 2008 წლის რეზოლუციას დაუჭირეს მხარი, სადაც საკუთარი ქვეყანა დაადანაშაულეს ომის დაწყების პროვოცირებაში. უმძიმესი ბრალდება წაუყენეს ჩვენს ქვეყანას და შემდეგ პირიქით შემოაბრუნეს, თითქოს, მაშინ, როდესაც ჩვენ, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ვიცავდით და ეს დადასტურდა სტრასბურგის გადაწყვეტილებით, თითქოს ჩვენ ვახორციელებდით არასწორ ქმედებებს და ისიც კი არ გაუხარდათ, როდესაც სტრასბურგმა 2021 წელს გამოიტანა საქართველოს გამამართლებელი ვერდიქტი რუსეთის წინააღმდეგ, ამასთან მიმართებაშიც დაიწყეს სპეკულაციები. რა თქმა უნდა, ჩვენ, ამ პოლიტიკურ სპეკულაციებს პოლიტიკური ჯამბაზების მხრიდან ყოველთვის ვუპასუხებთ და ამასთანავე ჩვენ ვისაუბრებთ იმ შინაარსობრივ საკითხებზე, რასთან დაკავშირებითაც დღეს ბატონმა მინისტრმა ისაუბრა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პოლიტიკური სპეკულაციების მიუხედავად, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ შინაარსობრივ საკითხებზე, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს და ისაუბრა კრიმინალური პოლიციის რეფორმის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, ადამიანის უფლებების დაცვის და მისი გაძლიერების, საზღვრის მართვის და მიგრაციის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. ანრი ოხანაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს, თითოეულ პოლიციელს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და მოთმინებისთვის, რომელსაც მისი განცხადებით, ისინი პროვოკაციული ჯგუფების მხრიდან იტანენ.

„მე მსურს მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა მინისტრს მოთმინებისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურად იტანენ ამ პროვოკაციული ჯგუფების მხრიდან, თუმცა, ჩვენ გვმართებს მეტი პასუხისმგებლობა და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. თითოეული პოლიციელი, რომელიც დღეს, სახლიდან გამოდის ყოველ დილით იმ მიზნით, რომ ის დგას ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე, არის გმირი. ისინი იტანენ ძალიან ბევრ შეურაცხყოფას და მათ სჭირდებათ მხარდაჭერა. მათ სჭირდებათ არა პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი მხარდაჭერა და ამ მიმართულებით, ნებისმიერი გამოწვევა, რომელიც დაუდგება შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამის უწყებებს, იმისთვის, რომ დაცული იყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი, ჩვენი კომიტეტი იქნება აქტიურად ჩართული ყველა ასეთ კანონპროექტში და ყოველთვის დავიცავთ ერთი მხრივ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და ვიზრუნებთ მართლწესრიგზე და ასევე დავიცავთ პოლიციელების ღირსებას, მათ ღირსებებს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0