ქვემო ხორხში მცხოვრებ საბედა ბებოს დროებითი საცხოვრებელი გადაეცა

08/05/2020

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ხელშეწყობით, დეველოპერულმა კომპანია “რედკომ” სოფელ ქვემო ხორხში მცხოვრებ უსახლკარო ქალბატონს – 78 წლის საბედა წიკლაურს, დროებითი საცხოვრებელი სახლი გადასცა. საბედა ბებოს შერჩეულ ადგილას “რედკოს” წარმომადგენლებმა დაუდგეს სახლი-კონტეინერი, რომელიც კეთილმოწყობილია ავეჯით, ჭურჭლით და ყველა სხვა საჭირო ნივთით. მას აგრეთვე სუპერმარკეტი “სმარტისგან” გადაეცა ძირითადი მოხმარების სასურსათო კალათა და ტკბილეული.

“რედკოს” ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, ხოლო მანამდე ბენეფიციარი მოინახულეს და საკვები პროდუქტი ბინაზე გადასცეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა – ზაზა უნდილაშვილმა და დემეტრე ჩხუტიაშვილმა.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ამ სოციალურ ღონისძიებებში ჩართულ ყველა პირს და განსაკუთრებით, დეველოპერულ კომპანია “რედკოს” მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისა და გამოჩენილი ყურადღებისათვის. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გამო შექმნილ სიტუაციაში, კომპანია “რედკო” მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 500 სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს ორი კვირის წინ საკვები პროდუქტებითაც დაეხმარა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0