ქვემო ქართლში ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი გაიხსნა

21/05/2016

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ რუსთავში ფსიქოლოგიური ცენტრი გახსნა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროს ვახტანგ მეიფარიანთან ერთად, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა ფსიქოლოგიური სამმართველოს წარჩინებული ფსიქოლოგები და რუსთავის საჯარო სკოლების მანდატურები.
მნიშვნელოვანია, რომ რუსთავი მეშვიდე ქალაქია, სადაც ფსიქოლოგიური ცენტრი გაიხსნა. ცენტრის ფსიქოლოგები უფასო ფსიქო-სოციალურ მომსახურებას გაუწევენ როგორც მოსწავლეებს, ასევე მშობლებს, როგორც ინდივიდუალურად ასევე ჯგუფურად. მსგავსი ცენტრები უკვე აქტიურად მუშაობს როგორც თბილისში, ასევე გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთსა და ბათუმში.
ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი 6-დან 18 წლამდე ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებს, მოზარდებსა და მათ ოჯახებს უფასო, კვალიფიციურ, ფსიქო-სოციალურ მომსახურებას სთავაზობს.
ფსიქოლოგიური ცენტრი წარმოადგენს მულტიდისციპლინარულ გუნდს, რომელშიც დასაქმებულნი არიან კონკურსის შედეგად შერჩეული მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და ბავშვთა ფსიქიატრები.
ფსიქო-სოცილაური მომსახურების გაწევა მოიცავს რამდენიმე მიმართელებით მუშაობას: ფსიქოლოგის და ფსიქიატრის მიერ ფსიქიკური, ქცევითი და ემოციური პრობლემის იდენტიფიკაციას, ფსიქო-კორექციას, ფსიქოთერაპიას და პარალელურად სოციალური მუშაკის მიერ გარე ფაქტორების დადგენას და მოგვარებას.
ცენტრში მოსწავლეთა გადმომისამართება სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურისა და მასწავლებლის მიერ მშობლის თანხმობით შევსებული რეფერალის საფუძველზე ხდება თუმცა, ცენტრებში მომართვიანობა თვითდინებითაც შეიძლება გახორციელდეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0