ქვემო ქართლის რეგიონში 20 მილიონ ლარამდე ღირებულების სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყება

20/03/2023

ქვემო ქართლის რეგიონში 20 მილიონ ლარამდე ღირებულების სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყება.
გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით რეგიონის მუნიციპალიტეტის მერებთან და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორთან, თენგიზ ნასარიძესთან, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელიც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადინისტრაციაში გაიმართა, რეგიონის მასშტაბით მიმდინარე და დასრულებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები და საექსპლუატაციო ღონისძიებები განიხილეს. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა თენგიზ ნასარიძესთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ პროექტებზე, რომლის განხორციელებაც მუნიციპალიტეტებში უახლოეს პერიოდში დაიწყება.
რეგიონში 9000 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, 2023 წელს დაგეგმილია 20 მლნ ლარამდე ღირებულების სარეაბილიტაციო პროექტების დაწყება. დღეისათვის, ქვემო ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 15,7 მლნ ლარის ღირებულების 9 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. შედეგად, დამატებით, 2500 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება და სარწყავი წყლის მიწოდება 900 ჰექტარზე გაუმჯობესდება. ქვემო ქართლი აგრარული რეგიონია, ამდენად, რეგიონის ეკონომიური განვითარება დამოკიდებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე. მძლავრი ეკონომიკური განვითარების საფუძველს თანამედროვე, სარწყავი სისტემების ფართო მასშტაბით მოწყობა-რეაბილიტაცია და ახალი წყალსაცავების მშენებლობა წარმოადგენს. შეხვედრას, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ქვემო ქართლის რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტის მერი, ქვემო ქართლის მელიორაციის სამსახურის დირექტორი, საქართველოს მელიორაციის დეპარტამენტების წარმომადგენლები და სერვისცენტრის უფროსები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0