ქვემო ქართლის რეგიონი საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

23/08/2019

ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში, საერთაშორისო ფესტივალი ,,ერთიანი კავკასია“ ოფიციალურად გაიხსნა.ღონისძიებას მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მერი, ზაურ დარგალი, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ადგილობრივი
და მეზობელი ქვეყნების ახალგაზრდები დაესწრნენ. მულტიდისციპლინურ ფესტივალს რეგიონი უკვე მეხუთედ მასპინძლობს. ONE CAUCASUS-ის მიზანია შექმნას შთამაგონებელი, უსაფრთხო და მშვიდობიანი სივრცე კავკასიაიში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის და ამ იდეის ირგვლივ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მუსიკოსები, ხელოვანები, ანიმატორები, არქიტექტორები და მოხალისეები გააერთიანოს. წელს ფესტივალში მონაწილეობას იღებენ 10 ქვეყნის წარმომადგენელი მუსიკოსები და შემოქმედებითი ჯგუფები: საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ბენინიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, სომხეთიდან, სენეგალიდან, უკრაინიდან და შოტლანდიიდან. ადგილზე, ერთი თვის განმავლობაში მოხალისეებმა შექმნეს განსხვავებული დეკორაციები. ტერიტორიაზე მოეწყო ბავშვთა სივრცე, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, სამუშაო შეხვედრები და ვორკშოფები. ფესტივალი 22 აგვისტოს დაიწყო და 25 აგვისტოს გრანდიოზული კონცერტით დასრულდება. საერთაშორისო პროგრამა-ფესტივალი, “ერთიანი კავკასია“ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და ქართულ-პოლონური მხარისა და ევროკომიის დაფინანსებით იმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0