ქვემო ქართლის გუბერნატორმა წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა

05/04/2018

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ, მოადგილეებთან ერთად წარმატებული ქვემო ქართლელი სპორტსმენები და მათი მწვრთნელები დააჯილდოვა.

“მოხარული ვარ, რომ ქვემო ქართლი გამოირჩევა წარმატებული ახალგაზრდა სპორტსმენების სიმრავლით და უკვე გვყავს ბევრი ჩემპიონი სპორტის სხვადასხვა სახეობაში. დღეს შევხვდით რამდენიმე მათგანს, რომლებმაც სულ ახლახანს ასახელეს ჩვენი ქვეყანა და რეგიონი. მადლობას ვუხდი მათ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობებისთვის და ახალგაზრდა თაობებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის. ვიმედოვნებ, რომ მათი სპორტული კარიერა, მომავალში უფრო მეტად, წარმატებული იქნება და კიდევ არაერთხელ გაიტანენ საერთაშარისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის სახელს“-აღნიშნა გუბერნატორმა.

აღსანიშნავია, რომ რუსთაველი მოკრივე ლაშა გურული სულ ახლახანს რუმინეთში მიმდინარე ჩემპიონატზე, ევროპის ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა. ჩემპიონატში მონაწილეობდა რუსთაველი ნიკოლოზ ბეგაძეც, რომელიც ახალგაზრდებში 2017 წლის ევროპის ჩემპიონია. მარნეულელმა ოთარ ნავერიანმა, კი საქართველოს კიდევ ერთი გამარჯვება მოუტანა და თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ აგრეთვე საქართველოს 18 წლამდელთა მორაგბეთა ნაკრების წევრი ზურაბ ქავთარაძე და გიორგი კოშაძე, რომელიც რუსთავის ხარების და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია. გრიგოლ ნემსაძემ, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა წარმატებული ახალგაზრდა სპორტსმენების მწვრთნელებს ტარიელ ბლუაშვილს, ზურაბ მუშკუდიანს და დავით კაკაბაძეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0