ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე გათვალისწინებული სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულდა

08/06/2022

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც მერის მოადგილე ილია ელოშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ილია ელოშვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია, მუნიციპალიტეტი კი მის მიერ წამოწყებულ ყველა საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

„დღეს უმძიმესი მთავრობის სხდომაა. დავკარგეთ საუკეთესო მეგობარი, ადამიანი, რომელიც უზომოდ იყო შეყვარებული საკუთარ საქმეზე, ქვეყანაზე, უპატიოსნესი, პროფესიონალი. მინდა კიდევ ერთხელ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მის ხსოვნას. ილიას ტრაგიკული გარდაცვალებით გამოწვეული დიდი ტკივილი და დანაკლისი სამუდამოდ დაგვრჩება, თუმცა, ჩვენი ვალია მისი ხსოვნის წინაშე, რომ ილიას მიერ დაწყებული ყველა საქმე მივიყვანოთ ბოლომდე, ღირსეულად განვახორციელოთ ის პროექტები, რასაც წარმატებით უძღვებოდა. მინდა, მივმართო შეჩერებული მშენებლობებით დაზარალებულებს: არცერთი პრობლემა მოუგვარებელი არ დარჩება, ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ. ამ მიმართულებას ილია უძღვებოდა და სწორედ მისი დამსახურებაა ისეთი ურთულესი საკითხების მოგვარება, როგორიცაა: „სვეტის“, „ოლიმპიური ვარსკვლავის“, „ცენტრ პოინტის“ და სხვა დაუმთავრებელი მშენებლობებით დაზარალებული ოჯახების საქმეები. ის ადამიანები, რომლებიც საცხოვრებელ ბინებს ელოდებოდნენ, ილიას იმედით შეჰყურებდნენ, აუცილებლად მიიღებენ ბინებს მომდევნო წლების განმავლობაში“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ საზოგადოებას მოადგილის კანდიდატურა წარუდგინა. მისი თქმით, ამ მიმართულებას კახა გულედანი ჩაიბარებს, რომელიც ამ დრომდე, თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას ხელმძღვანელობდა.

„სწორედ ამ საქმეების ბოლომდე მისაყვანად, მინდა, საზოგადოებას წარვუდგინო კახა გულედანის კანდიდატურა, რომელიც ამ მიმართულებას ჩაიბარებს, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზე გაკეთდეს. კახა გულედანი წლების განმავლობაში, მუნიციპალიტეტში მუშაობს და საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ამჟამად, მუნიციპალურ ინსპექციას ხელმძღვანელობს. ასევე, წლების წინ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. კახა გულედანი იყო სამგორის რაიონის გამგებელიც. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო ამ თანამდებობაზე. დარწმუნებული ვარ, ის წამოწყებული საქმეები და უდიდესი გამოწვევები, რომელსაც ჩვენ ილიასთან ერთად შევეჭიდეთ, ბოლომდე ღირსეულად იქნება მიყვანილი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე გათვალისწინებული სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულდა და შემდეგი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

„როგორც იცით დაწყებულია ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია. საზოგადოებას მივეცი პირობა, რომ მაისის ბოლომდე-ივნისის დასაწყისში სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც ავლაბრის მოედნიდან თელავის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავდა, დასრულდებოდა. აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა უკვე გახსნილია. პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი. კერძოდ, წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების სისტემები. ასევე, მოეწყო სანიაღვრე ქსელი. პარალელურად, ეწყობა ტროტუარები, გარე განათების ბოძების, მიმდინარეობს მიწისქვეშა ურნების და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მოსაცდელების მონტაჟი. ასევე, ტერიტორიაზე გაგრძელდება გამწვანების სამუშაოები. გამხმარი და დაავადებული ხეები, რომელიც საფრთხეს წარმოადგენდა მოსახლეობისთვის, მოიჭრა და მათ ნაცვლად, ახალი ხე-მცენარეები დაირგვება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, რეაბილიტაციის მეორე ეტაპზეც ანალოგიური სამუშაოები ჩატარდება და მიწისქვეშა კომუნიკაციები განახლდება.

„დავიწყეთ სამუშაოების მეორე ეტაპი, რომელიც თელავის ქუჩიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს. აქაც იგივე ტიპის სამუშაოების ჩატარება მოგვიწევს. პირველ ეტაპზე, მიწისქვეშა კომუნიკაციები განახლდება, ბოლო ეტაპზე კი საკომუნიკაციო ჭის თავების წამოწევა მოხდება. ამას წინასწარ ვამბობ იმიტომ, რომ შემდეგ ბოროტმა ადამიანებმა ეს თემა არასწორად არ გამოიყენონ და საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ. მსგავსი მცდელობა ჰქონდათ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის დროს, თითქოს, მუნიციპალიტეტს ჭის თავების წამოწევა დაავიწყდა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად ლევან ნაროუშვილის კანდიდატურა წარადგინა, რომელიც ამ დრომდე, გლდანის რაიონის გამგებლის თანამდებობას იკავებდა. თბილისის მერის თქმით, აღნიშნულ თანამდებობაზე ლევან ნაროუშვილის კანდიდატურა დასამტკიცებლად, თბილისის საკრებულოს წარედგინება.

„წარმატებებს ვუსურვებ ლევანს. ძალიან საპასუხისმგებლო სამსახურია. არსებობს სერიოზული გამოწვევები, ასევე, მომდევნო თვეების განმავლობაში განსახორციელებელი მნიშვნელოვანი პროექტები. ასე რომ, ლევანს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ვაკის რაიონში, თხინვალას დასახლებაში, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი მოეწყო.

„ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ იქ არსებული ტერიტორია მოწესრიგებული იქნებოდა. თხინვალაში ძველად არსებული სტადიონის ტერიტორია, რომლის ფართობი 2 500-მდე კვადრატული მეტრია, რეაბილიტირდა, გამწვანდა, დაირგო 200-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ხე, დაიგო ბალახი, მოეწყო სარწყავი და განათების ქსელები, დამონტაჟდა შესაბამისი საპარკე ინფრასტრუქტურა, საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, დასასვენებელი პავილიონები. ყველაფერია, რაც შეიძლება იყოს პარკში, რათა ადამიანმა დაისვენოს, განიტვირთოს, ბავშვები გაერთონ, გაკეთებულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სკვერში, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით, გიორგი ანწუხელიძის სახელობის მემორიალი განთავსდა.

„მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ, მივულოცო ადგილობრივ მოსახლეობას. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რადგან ეს იყო ჩვენი დაპირება და ის შესრულებულია. ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილია. ეს არის ყველაზე კარგი ემოცია, როდესაც შენი გადადგმული ნაბიჯებით, გადაწყვეტილებებით აბედნიერებ ადამიანებს. ამაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა ყურადღება თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმზეც გაამახვილა, რომელიც დედაქალაქის საკრებულოს შენობაში განთავსდება. მისი თქმით, მუზეუმისთვის გამოყოფილი ტერიტორიის პროექტირება მიმდინარე წელს დაიწყება.

„თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის ფონდში უნიკალური ნიმუშებია დაცული. სასიხარულოა, რომ ის თბილისის ისტორიულ შენობაში განთავსდება. ყველას ექნება შესაძლებლობა, თოჯინების უნიკალური და ძვირფასი ნიმუშები დაათვალიეროს. მუზეუმის მოწყობის ხარჯები კი 2023 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ახალგაზრდულ პროგრამაზეც ისაუბრა. აღინიშნა, რომ თბილისის მერია 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებისთვის, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის, აქტიური დასვენების, გართობისა და რეკრეაციის ხელშეწყობის მიზნით, მასშტაბურ საზაფხულო პროგრამას იწყებს. კახა კალაძის განცხადებით, პროგრამა ითვალისწინებს, რომ თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდებს პერიოდულად შესთავაზოს მათი ინტერესების გათვალისწინებით სხვადასხვა ახალგაზრდული სერვისები: ლაშქრობები, საველე-ბანაკები (კემპინგი); საჯომარდო ტურები; ველოტურები თბილისთან ახლო მარშუტებზე; კარტინგი, მინი გოლფი, სასროლეთი (ლისის მიმდებარე ტერიტორია); მუნიციპალური საცურაო აუზი (ზღვის უბანში).

„პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები უზრუნველყოფილნი იქნებიან კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურებით, კვებით, ტრანსპორტით, ეკიპირებით და საჭირო აღჭურვილობით. პროგრამის მიზანია, ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს სერვისები და მათი დაინტერესება გაიზარდოს ჯანსაღი აქტივობებით. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, კონკრეტული პროგრამების შეთავაზება ახალგაზრდებისთვის, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ახალი სპორტული მოედნების გახსნა, სპორტის ხელშეწყობა არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. დარწმუნებული ვარ, ამ პროგრამით ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე, პროგრამაში 5 000-მდე ახალგაზრდა ჩაერთვება და მონაწილეთა რაოდენობა, მოთხოვნის შესაბამისად, ეტაპობრივად გაიზრდება. თბილისის მერის ინფორმაციით, პროგრამა 30 ივნისს დაიწყება და 30 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. მსურველებს ელექტრონული რეგისტრაციის გავლა 8 ივნისიდან 20 ივნისის ჩათვლით, ვებგვერდზე – www.youthtbilisi.ge შეეძლებათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0