ქართულ მედიაში ძალიან ბევრი სირთულეა

06/02/2017

სირთულეა მუდმივი განცდა იმისა, რომ მედიაში მიმდინარეობს რაღაც პროცესები, რომლის უკანაც ნათლად არ ჩანს რა დგას, – ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ევროპულ სტანდარტებთან თუ მოხდება შედარება, ქართულ მედიაში ძალიან ბევრი სირთულეა.

„თუ გავაანალიზებთ და შევადარებთ იმ პერიოდს, რომელშიც საქართველო წინა ხელისუფლების, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო, ტელევიზიების ძალადობრივი გზით დახურვა და როდესაც ხდებოდა ჟურნალისტების დაუზოგავი დევნა, რა თქმა უნდა ამასთან შედარებით ჩვენ ახლა წინ გვაქვს ნაბიჯი გადადგმული. სამეზობლოსთან შედარებითაც ჩვენ მედიის კუთხით დადებითი პარამეტრები გვაქვს, მაგრამ რატომ უნდა შევედარო იმას, რაც არაა მთლად მაღალი სტანდარტი და რატომ არ უნდა ვედრებოდე ევროპულ სტანდარტს?! ასე თუ დავსვამ საკითხს, ძალიან ბევრი სირთულეა. მუდმივი განცდა, რომ მედიაში მიმდინარეობს რაღაც პროცესები, რომლის უკანაც ნათლად არ ჩანს რა დგას. ძალიან რეიტინგული გადაცემების დახურვა, რომელიც მომხდარა. გადაცემები იხურებოდა ისეთ ცხელ პერიოდში, როდესაც საზოგადოებას სჭირდებოდნენ ეს ჟურნალისტები, სჭირდებოდა მათ მიერ დასმული კრიტიკული კითხვები, სჭირდებოდა ღია დისკუსია მნიშვნელოვან თემებზე“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

რაც შეეხება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეს, პრეზიდენტის თქმით, ის სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, ვინაიდან საზღვარგარეთ ვიზიტებისას, არაერთი მაღალი დონის შეხვედრაზე, უმაღლესი თანამდებობის პირებს არაერთხელ უთქვამთ, რომ „საქართველოს დემოკრატიულობის ერთ-ერთი მაჩვენებელი იქნება ის, თუ როგორ გადაწყდება საკითხი „რუსთავი 2“-ის ირგვლივ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0