ბატონი ემზარ კვიციანი ელემენტარულად კვოტირებაში ვერ ერკვევა, – ამის შესახებ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ ემზარ კვიციანის კრიტიკას. კვიციანმა გააპროტესტა, რომ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი აბესაძე აირჩიეს. სესიაშვილის თქმით, ამ საკითხზე პოლიტიკურ სპეკულაციებს ელოდებოდა და ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო.
„კვოტირება ნიშნავს, რომ კომიტეტის ნებისმიერი თავმჯდომარის ერთი მოადგილის ადგილი ეკუთვნის ოპოზიციას. რეგლამენტის მიხედვით, კენჭი ვუყარეთ იმ კანდიდატურას, რომელმაც წინა კენჭისყრაზე უფრო მეტი ხმა მიიღო. „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა არა „ნაციონალურ მოძრაობას,“ არამედ იმ დემოკრატიულ პრინციპს, რომელიც აღნიშნავს, რომ უმცირესობას ეკუთვნის კვოტა. ყველა დანარჩენის მოსაზრება ამ თემაზე არის სპეკულაცია და ამ ყველაფრისთვის ზედმეტი პოლიტიკური კუდების გამობმა ნამდვილად არ არის საჭირო“, – განაცხადა სესიაშვილმა.
რაც შეეხება ემზარ კვიციანის კიდევ ერთ ბრალდებას რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ამიერიდან ერთი ძალაა, სესიაშვილმა უპასუხა, რომ „ამას ვერავინ დაიჯერებს“.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი აბესაძე აირჩიეს.