ქართული ღვინის პრეზენტაცია იაპონიის დედაქალაქ ტოკიოსა და ქალაქ ოსაკაში გაიმართა

19/02/2018

ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია იაპონიის დედაქალაქ ტოკიოსა და ქალაქ ოსაკაში გაიმართა. ტოკიოში გამართულ ღონისძიებას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე და ჰაცუ ბაშუს ტურნირის ქართველი გამარჯვებული, სუმოისტი ლევან გორგოძე, იგივე ტოჩინოშინი ესტუმრნენ. მათ იაპონელ პროფესიონალებთან ერთად შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ქართულ ღვინოებს. ტოჩინოშინის სტუმრობა გამოფენის ორგანიზატორებისა და მონაწილეებისთვის დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა.
ტოკიოსა და ოსაკაში გამართულ ღონისძიებებში ჯამში 35 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე დასახელების ღვინო იყო წარდგენლი. ქართული ღვინის პრეზენტაცია-სემინარს ტოკიოში 350, ხოლო ოსაკაში 300-მდე ღვინის პროფესიონალი დაესწრო: დისტრიბუტორები, იმპორტიორები, სომელიეები, რესტორატორები და ა.შ.
დეგუსტაციებს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში უძღვებოდა. კენიჩი ოჰაში ერთადერთი ღვინის მაგისტრია იაპონიაში და იგი წარმოადგენს სააგენტოს კონტრაქტორ მარკეტინგულ კომპანია „Red Bridge“-ს, რომელიც ქართული ღვინისა და მეღვინეობის შესახებ მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიას იაპონიაში 2017 წლიდან ახორციელებს.
ქართული ღვინის ექსპორტს იაპონიაში დიდი პოტენციალი აქვს, და ისევე როგორც მთლიანად აღმოსავლეთ აზიის რეგიონი, იაპონია ქართული ღვინის მზარდ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მიმდინარე წელს ქართული ღვინის კომპანიები წარმოდგენილი იქნება იაპონიის მასშტაბურ გამოფენებზე „Wine & Gourmet Show“ და “FOODEX JAPAN“, ასევე სპეციალიზირებულ დეგუსტაციებზე იაპონიის სხვადასხვა ქალაქებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0