ქართული ღვინის კვირეული თელავში ღვინის ფესტივალით გაიხსნა

23/09/2016

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, უკვე მესამე წელია ქართული ღვინის დღე აღინიშნება. ღონისძიების მუდმივი პარტნიორები არიან ასოციაცია ქართული ღვინო, საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, კახეთის მეღვინეთა გილდია, ღვინის კლუბი და ღვინის ტურიზმის ასოციაცია.
გასულ წლებში ღონისძიებისადმი საქართველოს მოსახლეობისა და ტურისტების დიდი ინტერესის გათვალისწინებით გადაწყდა, რომ მიმდინარე წელს ქართული ღვინის კვირეული
გაიმართებოდა.
ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში, 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს რეგიონების მასშტაბით არაერთი ღონისძიება გაიმართება. მოეწყობა ღვინის გამოფენა-დეგუსტაციები, პრეზენტაციები, ღვინის ტურები, კინოჩვენება. თელავში, მარნეულსა და აჭარის რეგიონში გაიმართება ღვინის ფესტივალები. ჩატარდება ღვინის კონკურსი, რომლის გამარჯვებულსაც საზეიმო მიღებაზე ქართული ღვინის ორდენი გადაეცემა.
22 სექტემბერს, ქართული ღვინის კვირეულის გახსნის აღსანიშნავად, ქ. თელავში, სახალხო ზეიმი – ღვინის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებაზე ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო დაეგემოვნებინათ. ღონისძიებაზე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოფენა/დეგუსტაციაც (ყველი, თაფლი, ჩირი, ჩაი, ხილი) გაიმართა.
ღონისძიებაზე განსაკუთრებულ საზეიმო განწყობას ფოლკლორული ანსამბლების მიერ შესრულებული ტრადიციული, ქართული მრავალხმიანი სიმღერები ქმნიდა.
ღვინის ფესტივალს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, კახეთის რეგიონის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ივერი ახალბედაშვილი, ასევე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და დავით გალეგაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0