ქართული სახელმწიფოს პრიორიტეტი არის ბრძოლისუნარიანი, თვითმყოფადი და ნატო-სთან თავსებადი თავდაცვის ძალების მშენებლობა

17/10/2023

„ჩვენი ქვეყანა იმყოფება კომპლექსური და არაპროგნოზირებადი გამოწვევების პირობებში და ამ პირობებში თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობა. შესაბამისად, ქართული სახელმწიფოს პრიორიტეტი არის ბრძოლისუნარიანი, თვითმყოფადი და ნატო-სთან თავსებადი თავდაცვის ძალების მშენებლობა, რომელსაც შეუძლია ერთი მხრივ, ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, პოტენციური აგრესიის შეკავება, მოგერიება და მეორე მხრივ, საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცება“, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმინეს.

მისი თქმით, თავდაცვის სფეროს აქვს „თავდაცვის კოდექსი“, რომელიც ახდენს ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად, თავდაცვის ორგანიზების სამართლებრივი საფუძვლების დახვეწას და სრულყოფას.

„ამ უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო აქტით არის უზრუნველყოფილი თავდაცვის ძალების როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი, ინსტიტუციური მდგრადობის მაღალი ხარისხი და უწყებაში მიმდინარე რეფორმების და პროცესების უწყვეტობა. ეს კოდექსი არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შემდგომი განმტკიცებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

კომიტეტის თავმჯდომარემ თავდაცვის ბიუჯეტის მზარდ ტენდენციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ შარშანდელთან შედარებით წელს თავდაცვის ბიუჯეტი გაზრდილია 180 მლნ ლარით, რომელიც მომავალ წელს კიდევ 100 მლნ-ით გაიზრდება. მისი თქმით, თავდაცვის ბიუჯეტის 20% ნატო-ს სტანდარტის შესაბამისად, შეიარაღების და აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება.

„ინტენსიურად ვითარდება ამერიკის შეერთებულ შტატების ევროპულ სარდლობასა და ნატო-ს შესაბამის სტრუქტურებთან ჩვენი სპეციალური ოპერაციების ძალების შესაძლებლობები, ვითარდება ჩვენი სადაზვერვო შესაძლებლობები. ძალიან მალე გვექნება კიბეროპერაციების ახალი ცენტრი, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი კიბერთავდაცვის რესურსებს და ჩვენს შესაძლებლობებს ამ მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

სამხედრო წვრთნებზე საუბრისას, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მხოლოდ მიმდინარე წელს საქართველო მასპინძლობს და მონაწილეობს 27 მსხვილმასშტაბიან სამხედრო წვრთნებში. მისი თქმით, ასევე უპრეცედენტოა თავდაცვის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის ტემპი და მასშტაბები, რასაც ადასტურებს 2021-2022 წლებში თავდაცვის 300-ზე მეტი ობიექტის სრული რეაბილიტაცია და მშენებლობა და ასევე, მიმდინარე წელს 20 ახალი ობიექტის მშენებლობა და 50-ზე მეტი სამხედრო ობიექტის რეაბილიტაცია.

„ჩვენი თავდაცვის პოლიტიკა არის ყოვლისმომცველი და მრავალმხრივი. საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის საყრდენი წერტილი, ღერძი და პრიორიტეტი არის ჯარისკაცი, ჩვენი სამხედრო მოსამსახურე, მისი დაფასება, მისი მომზადება და აღჭურვა, სამსახურის, ცხოვრების, მკურნალობის, რეაბილიტაციის ღირსეული პირობების უზრუნველყოფა. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, სახელმწიფოს მხრიდან სამხედრო მოსამსახურეები არასოდეს ყოფილან ისეთი დაფასებული და მხარდაჭერილი, როგორც არიან დღეს. ისინი გადიან საუკეთესო ნატო-ს სტანდარტის საბრძოლო მომზადებას, აქვთ სტაბილურად მზარდი ანაზღაურება, ცხოვრობენ თანამედროვე ყაზარმებში, აცვიათ მაღალი ხარისხის უნიფორმა და ფეხსაცმელი, აქვთ საუკეთესო კვება და ახალი საბინაო პოლიტიკის ფარგლებში სახელმწიფო მათ უპრეცედენტო შეღავათიანი პირობებით სთავაზობს საცხოვრებელი ფართების შეძენას. თავდაცვის სფეროს მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის შედეგად, ქართულმა თავდაცვის ძალებმა, მისმა საბრძოლო მზადყოფნის და ნატო-სთან თავსებადობის ხარისხმა მიაღწია ყველა დროის ყველაზე მაღალ ნიშნულს. ასევე, ყველა დროის უმაღლეს ნიშნულზეა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ჩვენს ამერიკელ და ნატო-ელ პარტნიორებთან“, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, 2014 წლიდან საქართველოში დაიწყო ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტები და სხდომები. მორიგი ასეთი ვიზიტი მიმდინარე წლის ნოემბერში განხორციელდება, როდესაც ნატო-ს სამხედრო კომიტეტი მორიგ ჯერზე საქართველოს ესტუმრება.

„ალიანსში საქართველოს უყურებენ არა როგორც უბრალო ასპირანტს, არამედ როგორც პარტნიორს და ნატო-ს მომავალ წევრ სახელმწიფოს. ნატო აგრძელებს საკუთარი მოქმედებების საქართველოსთან კოორდინაციას. ქართული თავდაცვის ძალები ნატო-ს სამხედროებთან ერთად, აშენებენ ევროპული უსაფრთხოების ახალ და მყარ არქიტექტურას“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

მისივე შეფასებით, ძლიერდება საბრძოლო მზადყოფნა, წვრთნების და სწავლებების რაოდენობა, თანამედროვე შეიარაღების და აღჭურვილობის რაოდენობა და სახეები, ინსტიტუციური განვითარების და ნატო-სთან თავსებადობის ხარისხი, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის ტემპი, იზრდება შრომის ანაზღაურება, ბინებით უზრუნველყოფით სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა. მისი თქმით, თავდაცვის უწყებაში განხორციელებულია ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები თუმცა, ბევრი ნაბიჯი ჯერ კიდევ გადასადგმელია.

„ამ ნაბიჯებს, თავდაცვის უწყების ძალისხმევის გარდა, სჭირდება ჩვენი, კანონმდებლების აქტიური მხარდაჭერა. მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, ვიყოთ ერთიანი თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხების ირგვლივ და ეს არ იქცეს ვიწროპარტიული ინტერესების მძევლად“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0