ქართული პროდუქცია საკუთარ ადგილს იმკვიდრებს საერთაშორისო ბაზრებზე

14/06/2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმის გახსნას დაესწრო. სიმპოზიუმი, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ორგანიზებით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრთან (საქპატენტი) თანამშრომლობით ტარდება.

„ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემა, აგროპროდუქტის ხარისხის უზრუნველსაყოფის, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის და ბიზნესისათვის კეთილსინდისიერი კონკურენციის პირობების შექმნის ერთ-ერთი მთავარი მდგენელია. ქვეყანაში წარმოების ზრდის პარალელურად, მზარდია ექსპორტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული პროდუქცია საკუთარ ადგილს იმკვიდრებს საერთაშორისო ბაზრებზე. გეოგრაფიული აღნიშვნით და ადგილწარმოშობის დასახელებით დაცული პროდუქტების შენარჩუნება და პოპულარიზაცია ბიძგს აძლევს ეკონომიკურ განვითარებას, ასეთი აგროსასურსათო პროდუქტები მაღალი მოთხოვნით სარგებლობს ბაზარზე. უნდა აღინიშნოს, რომ დღეს, საქართველოს ინტელექტუალური დაცვის ეროვნულ ცენტრში, ადგილწარმოშობის დასახელებით რეგისტრირებულია 29 დასახელების ღვინო, 8 დასახელების მინერალური წყალი, გეოგრაფიული აღნიშვნით დაცულია 26 დასახელების სურსათი. 2021 წელს კი, საღვინე ჭურჭელი „ქვევრი“ პირველი არასასურსათო პროდუქტი გახდა, რომელიც გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრს დაემატა”“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ სიმპოზიუმზე სიტყვით გამოსვლისას.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიქმნა „საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების სქემების განვითარების, პროდუქტის ბრენდინგის, მარკეტინგის საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობისა და მათი დაცვის სამართლებრივი და ინსტიტუციუნალური მექანიზმების სრულყოფის მიზნით მარკეტინგული საბჭო“, რომელიც საქმიანობას საერთაშორისო პრაქტიკით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ახორციელებს და აქტიურად თანამშრომლობს საქპატენტთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ამასთან, ხარისხის სქემების განვითარებასა და დაცვის სამართლებრივი მექანიზმების გაუმჯობესებაზე აქტიურად მუშაობს სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტი. სიმპოზიუმის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის WIPO-ს გენერალური დირექტორის მოადგილეს, ვანგ ბინინგს შეხვდა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობას, მსოფლიო სიმპოზიუმის ორგანიზებისათვის. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და კონტროლის საკითხი, როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში ერთ-ერთი გამოწვევაა და საერთაშორისო გამოცდილების გაცნობა და გაზიარება, რის შესაძლებლობასაც თბილისში მიმდინარე გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ მსოფლიო სიმპოზიუმი იძლევა, ძალზედ მნიშვნელოვანია. გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმის გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ საქართველოს ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და WIPO გენერალური დირექტორის მოადგილე ვანგ ბინინგი. სიმპოზიუმის ფარგლებში, 14-16 ივნისს, გაიმართება სესიები თემებზე: გეოგრაფიული აღნიშვნების ბრენდინგისა და მარკეტინგის სტრატეგიები; განვითარების შერჩეული მაგალითები; გეოგრაფიული აღნიშვნები ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვში: გასტრონომიული ტურიზმი/ენოტურიზმი; გეოგრაფიულ აღნიშვნების მართვა და ხარისხი; გეოგრაფიული აღნიშვნები, სავაჭრო და საერთო სახელწოდებები; თანამშრომლობა გეოგრაფიული აღნიშვნებისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0