„ქართული ოცნების“ გამარჯვებიდან ექვსი წლისთავთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის შეხვედრა გაიმართა

01/10/2018

„ქართული ოცნების“ გამარჯვებიდან ექვსი წლისთავთან დაკავშირებით, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა და პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, 6 წლის წინ, „ქართული ოცნების“ გუნდმა ყველაზე რთული გამარჯვება მოიპოვა.

„შევიკრიბეთ იმ მიზნით, რომ გავიხსენოთ და დღევანდელი რეალობა კიდევ ერთხელ შევაფასოთ. სამწუხაროდ, 6 წელიწადი აღმოჩნდა ძალიან ცოტა იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია პრინციპულად შეცვლილიყო, თუმცა თქვენ მონაწილეები ხართ, აბსოლუტური უმრავლესობა თქვენგან და თუ არ მონაწილეობდით, კარგად გახსოვთ, რაც ხდებოდა 2012 წლამდე, 2012 წლის შემდგომ როგორ თანმიმდევრულად ვცვლიდით ჩვენ იმ სიმახინჯეებს და ქვეყანა ვითარდება და მიგვყავს სწორი მიმართულებით. მიუხედავად ამისა, როგორი საოცარიც არ უნდა იყოს დღეს ის ძალები, რომლებიც თავის დროზე მართავდნენ ქვეყანას, ჩვენდა სასირცხვილოდ, აი ეს ძალები დღეს ცდილობენ ისევ ვირტუალურ სამყაროში აცხოვრონ ჩვენი საზოგადოება. რაც დააშავეს თვითონ, იმას ცდილობენ გადააბრალონ დღეს „ქართულ ოცნებას“ და ქართული ოცნებისგან მხარდაჭერილ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. ყველაზე დიდი დანაშაული, დამეთანხმებით ალბათ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა მისი მმართველობის პერიოდში და დანაშაულები ჰქონდა ძალიან ბევრი, მაინც თუ შევაჯამებთ და შევადარებთ ერთმანეთს, იყო 2008 წლის ომში მათი პოზიცია და მითუმეტეს, არ დაიკარგებოდა ტერიტორიების 20 პროცენტი. გახსოვთ, როგორ იქცეოდნენ, როგორ მიატოვეს დახოცილი ჯარისკაცები, როგორ უპატრონოდ ტყეში დატოვეს ცოცხალი ჯარი, სწორედ ეს თემა აქვთ დღეს ყველაზე მეტად წინა პლანზე წამოწეული. ყველაზე დიდი თავისი დანაშაული, რაც მათ ჩაიდინეს, ცდილობენ დღეს გადმოიტანონ და ჩვენ მოგვაბრალონ და მიაბრალონ საპრეზიდენტო კანდიდატს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც ძალიან ბევრი, თავისი მოღვაწეობის პროცესში იზრუნა იმისთვის, რომ რუსულ ჯარს ჭეშმარიტად დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორიები. მე მახსოვს და თქვენც კარგად გახსოვთ ალბათ, როგორი პრინციპულობით გამოირჩეოდა ქალბატონი სალომე საგარეო მინისტრის რანგში, როგორ თანმიმდევრულად და როგორ ოსტატურად მოახერხა მან და ის იყო ძირითადი მასში რომ ჩვენ რუსულ ჯარებს ტერიტორიები დავატოვებინეთ. ამის შემდგომ, სააკაშვილი პირდაპირი მნიშვნელობით, მე ჩემს გამონათქვამებში მაქვს ეს როცა ოპოზიციაში ვიყავი, შემოუძღვა რუსულ ჯარს და დღეს საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული. აღმაშფოთებელია ის, რომ ეს ხალხი დღეს ცდილობს ისევ, რომ ჩვენ გადმოგვაბრალონ და ეს მოღალატეები, პირდაპირი მნიშვნელობით, მოღალატედ ცდილობენ მონათლონ ქალბატონი სალომე. მედია რა დღეში იყო, პირდაპირი მნიშვნელობით, ტოტალურად იმართებოდა ერთი კაცისგან, დილიდან საღამომდე ტელევიზორთან იჯდა, ძირითადი პროფესია სააკაშვილის ეს იყო, პირდაპირი მნიშვნელობით მართავდა, თავის მოღვაწეობის 80%-ს ამას მოახმარდა. გახსოვთ გირგვლიანის და სხვა უდანაშაულო ახალგაზრდების მკვლელობები, ამასთან უნდათ იდენტური გახადონ ის დრამატული უბედურება, რაც სკოლაში განვითარდა, საზოგადოებისთვის იყო დიდი ტრავმა და დიდი სტრესი და ცდილობენ ამასაც, იმის ჩამდენი ხალხი, რასაც თვითონ აკეთებდნენ, ბავშვების ჩხუბი უნდათ რომ მიაბრალონ დღევანდელ მმართველ ძალას და იდენტური უნდათ გახადონ გირგვლიანის მკვლელობის. რაც შეეხება მედიაზე ზეწოლას და ბიზნესზე ზეწოლას, ეს საერთოდ ღიმილს იწვევს, ალბათ წუხანდელი გადაცემაც ნახეთ, რას ცდილობდა და სად წავიდა ეს კაცი, მართლაც შევხვდი მას ერთხელ და მართლაც დავეხმარეთ ჩვენ, ისევე როგორც ვეხმარებით ყველა ბიზნესს. მე ეს ვალდებულება დღესაც გამაჩნია, ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც მოდის ჩემამდე, ან მიდის პრემიერამდე, ან ხელისუფლების რომელიმე ნაწილთან, ყველას აქვს იგივე განცდა, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავეხმაროთ ბიზნესს და ხელი შევუწყოთ.

ყველას აქვს იგივე განცდა, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავეხმაროთ ბიზნესს და ხელი შევუწყოთ. მაგრამ სხვა დანარჩენი გასაგებია, რომ ეს ღიმილისმომგვრელია მხოლოდ. ჩანაწერების ოსტატი ყოფილა ეს კაცი. ყველას და ყველაფერს იწერდა. რატომღაც, ეს ჩანაწერი არ აქვს და თუ ვინმეს გკითხავენ წუხანდელ გადაცემაზე, პირველი რაც უნდა უპასუხოთ, უპასუხეთ, რომ სადაა ჩანაწერები, ყველას იწერდნენ და გამოიტანოს ეს ჩანაწერებიც და გვაჩვენოს ამ საუბრის და შეხვედრის შესახებ. მოკლედ, ასეთია დღევანდელი რეალობა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საზოგადოების 27%, ანუ ის ნაწილი, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ არ ასოცირდება, შემდეგნაირად იყოფა: 10% „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ შტოზე, 17% კი – მეორეზე.

ამის იქეთ მათ დიდი რესურსი არ აქვთ არჩევნების სწორი მობილიზაციის შემთხვევაში და ჩვენ ამას მოვახერხებთ. ქალბატონი სალომე ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი. ჩემთვის არის ეს ქალბატონი სიმბოლო ჩვენი უახლესი ისტორიის – პირველი ემიგრაციის წარმომადგენელი, დიდი ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი. ქალბატონი ჩვენს დიდ ისტორიასაც და ხანგრძლივ ისტორიასაც ძალიან კარგად ეხმაურება, რომ ჩვენ ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში გვყავდა ქალბატონი, რომელიც სახელმწიფოს მართავდა. ამ მხრივ, ჩვენ დღევანდელ ევროპულობას კარგად განასახიერებს ქალბატონი სალომეს გაპრეზიდენტება, რომელსაც, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უახლოეს დროში ვიხილავთ და ჩვენ ამით ჩვენს ისტორიას, შორეულს, შევეხმიანებით; უახლოეს ისტორიას, პირველ ემიგრაციას და იმ ისტორიასაც დიდ პატივს მივაგებთ და თვითონ ქალბატონი სალომეს მოღვაწეობასაც დავაფასებთ, რომელიც მან ღირსეულად წარმართა თავის ცხოვრებაში. მოგიწოდებთ ყველას, კიდევ ერთხელ, რომ მაქსიმალური მობილიზაცია თითოეულმა თქვენგანმა, მაქსიმალური შესაძლებლობები გამოავლინეთ, მხარში დავუდგეთ და ჩვენ, ჩვენს პატივცემულ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს აუცილებლად მივიყვანთ გამარჯვებამდე.

რა თქმა უნდა, ლომის წვლილი მის გამარჯვებაში იქნება მისი ისტორია, მისი მოღვაწეობა და ჩვენი დახმარებითა და თანამდგომითაც, ეს აუცილებლად მოხერხდება და გაფორმდება. აი, დაახლოებით ამისთვის შევიკრიბეთ დღეს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას“ გამოცხადებული ნდობისთვის.

„ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა, ვისარგებლო ორი სიტყვით და თქვენ მოგახსენოთ დიდი მადლობა ყველა აქ მყოფ ადამიანს, რამეთუ მე ვიცი, რომ ეს მოითხოვს თქვენგან დიდ ძალისმხმევას და არა მხოლოდ ეს. მადლობელი ვარ ნდობისთვის და იმისთვის, რაც მე მიმაჩნია, რომ არის მთელი ქვეყნის ინტერესებში ასევე, რადგანაც ამ შემთხვევაში, „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა დიდი დემოკრატიული ნაბიჯი. ეს არ არის ჩვეულებრივი ნაბიჯი არც ერთ ევროპულ ქვეყანაში, როდესაც მმართველი პარტია უარს ამბობს ისეთ ადგილზე, ფუნქციაზე, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტი ქვეყანაში და უთმობს დამოუკიდებელ კანდიდატს. შეიძლება, საზოგადოება დღეს ჯერ ვერ ხვდება, თუ რამდენად წინგადადგმული ნაბიჯია ეს 21-ე საუკუნეში. მე იმედი მაქვს, რომ ვიქნები ამ დიდი ნდობის ღირსი და, ყოველ შემთხვევაში, ყველაფერს ვეცდები, რომ ვემსხურო იმ ქვეყანას, რომელსაც თქვენც ემსახურებით. ძალიან დიდი მადლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0