„ქართული ოცნებიდან“ გასულ დეპუტატებს სავარაუდოდ, საპარლამენტო პოსტების დატოვება მოუწევთ

14/04/2021

“ქართული ოცნების“ დეპუტატებმა: – გიორგი ხოჯევანიშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ, ბექა ლილუაშვილმა, შალვა კერესელიძემ, მიხეილ დაუშვილმა და ანა ბუჩუკურმა მმართველ პარტია და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს. მათი ამ გადაწყვეტილებით, 90 დეპუტატისგან შემდგარი “ქართული ოცნების“ უმრავლესობა 84 წევრამდე შემცირდა.
საპარლამენტო უმრავლესობიდან და ფრაქცია “ქართული ოცნების“ შემადგენლობიდან ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გუნდში გადასული ექვსი დეპუტატიდან სამი: გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია და ბექა ლილუაშვილი საპარლამენტო თანამდებობის პირია. ისინი ფრაქციიდან გასვლის შედეგად, სავარაუდოდ, საპარლამენტო პოსტებს ავტომატურად კარგავენ. ამის შესაძლებლობას პარლამენტის რეგლამენტი ქმნის. გიორგი ხოჯევანიშვილი პარლამენტის რეგიონულ საკითხთა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა, ალექსანდრე მოწერელია – აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო ბექა ლილუაშვილი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოაგილედ არის არჩეული. მათ დღევანდელ ბრიფინგზე პირადი განცხადებით საპარლამენტო პოსტების დატოვების თაობაზე არაფერი უთქვამთ. რეგლამენტის მიხედვით, ფრაქციიდან გასვლის გამო, დეპუტატებს კომიტეტის წევრობა უწყდებათ, რადგან ისინი კომიტეტის წევრები სწორედ ფრაქციის კვოტით გახდნენ. როცა დეპუტატები ფრაქციის წევრები აღარ იქნებიან, ვერც კომიტეტის წევრი იქნებიან და შესაბამისად, ვეღარც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას დაიკავებენ. იმ შემთხვევაში, თუ გიორგი გახარიას საპარლამენტო გუნდი ერთ დეპუტატს მიიმატებს, პარლამენტში ფრაქციას შექმნიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0