„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ლიდერებმა შუალედურ არჩევნებში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი წარადგინეს.
ზაურ დარგალი: „მადლობა მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის. მიხარია რომ ამდენი ადამიანი ვართ დღეს აქ. ეს ჩვენთვის დიდი მხარდაჭერაა.ეს არის ჩვენი ერთობის მესიჯი მთელი საქართველოსთვის. ჩემო მეგობრებო, მარნეული არის ჩვენი საერთო სახლი. მარნეული არის ჩვენი ოჯახი და მე როგორც ამ ოჯახის შვილი გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩვენი საერთო სახლი მარნეული გახდეს უფრო ძლიერი, უფრო ლამაზი და უფრო განვითარებული. ჩვენ მოვალთ ყველა ოჯახში. ჩვენ მოვალთ ყველა სოფელში და თქვენთან ერთად, თქვენი უშუალო ჩართულობით ავაშენებთ უფრო ძლიერ მარნეულს, ავაშენებთ უფრო ძლიერ სოფელს და ძლიერი სოფლის იდეა, ძლიერი სოფლის მიზანი, რომელიც გააჩნია ჩვენს გუნდს , ჩვენ დავიწყებთ აქედან, ჩვენ დავიწყებთ ერთად, მარნეულიდან. იმ პროექტებს, რომელიც წლებია ხორციელდება, ჩვენ მივუდგებით უფრო დიდი ტემპებით.უფრო ძლიერად, ერთად და ერთად დგომით გავაგრძელებთ ამ ყველაფერს. მე გპირდებით, რომ ვიქნები თითოეული თქვენი ოჯახის წევრი. მე ვარ ადამიანი, რომელსაც უზომოდ უყვარს ჩემი მშობლიური მხარე, სადაც დავიბადე, სადაც გავიზარდე და ვცხოვრობ, სადაც იზრდება ჩემი ორი გოგო 4 წლის და 2 წლის, დენიზი და ადა. თქვენს ბავშვებთან ერთად დადიან ბაღში ,რომელსაც სჭირდება რეაბილიტაცია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პარტია ქართულ ოცნებას, რომ მომეცა შესაძლებლობა ახალგაზრდა კაცს, რომ უშუალოდ ვიყო ჩართული ჩვენი რაიონის მშენებლობის პროცესში.“
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ლიდერებმა შუალედურ არჩევნებში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი წარადგინეს
13/04/2019