ქართული მატყლი ევროკავშირის ბაზარზე გავიდა

10/01/2017

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე ევროკავშირის ბაზარზე ქართული მატყლი გავიდა.
ევროკავშირში ქართული მატყლის გატანას წინ უძღოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები საკანონმდებლო დაახლოებისა და შესაბამისი სტანდარტების უზრუნველყოფის მიზნით. შედეგად ევროკავშირმა დადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფო კონტროლის სისტემა და შეიყვანა მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ნებადართულია მატყლის ექსპორტი ევროკავშირის ტერიტორიაზე.
„მატყლი, პირველი ცხოველური წარმოშობის პროდუქტია, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე გავიდა. მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში 22 ტონა დაუმუშავებელი მატყლის ექსპორტი უკვე განხორციელდა. მატყლის ევროკავშირის ბაზარზე გასატანად საჭიროა კომპანიებმა შესაბამისი მოთხოვნები დააკმაყოფილონ, რასაც ზედამხედველობას უწევს სურსათის ეროვნული სააგენტო და შესაბამის რეკომენდაციებსაც უწევს. აღნიშნული გადაწყვტილებით ევროკავშირმა საქართველოს დიდი ნდობა გამოუცხადა, რაც მეცხვარეობის დარგის სტიმულირებას და ქართული მატყლის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას განაპირობებს“- განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ქვეყნის მთავარმა ვეტერინარმა მიხეილ სოხაძემ.
ევროკავშირის ქვეყნებში მატყლის შეტანას, ევროკავშირის N142/2011 რეგულაცია განსაზღვრავს. აგრეთვე, 2016 წლის დეკემბერში ევროკავშირმა დაასრულა ფორმალური პროცედურები და უკვე შესაძლებელია ქართული თაფლის გატანა ევროკავშირის ბაზარზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0