„დღეს ვმასპინძლობთ ჩემს კოლეგა ამირ ოჰანას, ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტის – ქნესეთის თავმჯდომარეს. ქართველ და ებრაელ ხალხს 26-საუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ და სწორედ ეს მტკიცე კავშირები ქმნის მყარ საფუძველს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის ნაყოფიერი და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობის განვითარებისთვის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ქნესეთის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბრისას.
მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე, ასევე, ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და უსაფრთხოების მიმართულებებით.
„ვაფასებთ ამ ვიზიტსა და ინტენსიურ კომუნიკაციას, რომელიც ამჟამინდელ რთულ, გამოწვევებით სავსე გეოპოლიტიკურ ვითარებაში შედგა. მადლიერები ვართ ისრაელის სახელმწიფოსადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. მივესალმებით უკანასკნელ პერიოდში ჩვენს ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების მზარდ დინამიკას. განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის ნაყოფიერი ვიზიტები ისრაელის სახელმწიფოში. ბატონი ოჰანას ვიზიტი ამ პოზიტიური დინამიკის გაგრძელებაა და მჯერა, რომ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილის თქმით, საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირები მტკიცეა, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფების დონეზე.
„ისრაელთან მეგობრობის ჯგუფმა დაახლოებით ერთი თვის წინ განახორციელა ვიზიტი ისრაელში და არაერთი ნაყოფიერი შეხვედრა გამართა ისრაელის სახელმწიფოს მხარესთან. მზად ვართ, ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის. ასევე, ვიმედოვნებთ, რომ 2024 წელს დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების თაობაზე, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას შექმნის ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობაში. შეხვედრაზე, აგრეთვე, ვისაუბრეთ რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე. ისრაელსა და, ზოგადად, ახლო აღმოსავლეთის რეგიონს სტაბილურობასა და მშვიდობას ვუსურვებთ. მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგას ჩამობრძანებისთვის, ასევე, თანამშრომლობისა და მეგობრობის გაღრმავების მზადყოფნისთვის“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
როგორც ისრაელის ქნესეთის სპიკერმა ამირ ოჰანამ ერთობლივ ბრიფინგზე აღნიშნა, გრძელდება თანამშრომლობა ორი ქვეყნის მომავლისთვის. მისივე თქმით, მიმდინარეობს აქტიური ურთიერთობები ორი ქვეყნის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის გივი მიქანაძისა და დავიდ ბითანის ხელმძღვანელობით, – „ეს ურთიერთობა, კომიტეტების ეს საქმიანობა, მეგობრობის ჯგუფები და კონტაქტები არის უაღრესად მნიშვნელოვანი და კარგი იარაღი ურთიერთობების გამყარებისთვის ჩვენს ქვეყნებს შორის, ადამიანებს შორის, ხალხებს შორის და სხვა სიმაღლეზე აჰყავს, ჩვენი კავშირი“, – განაცხადა ამირ ოჰანამ. მან ასევე ხაზი გაუსვა ისრაელის თანმიმდევრულ პოლიტიკას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერის თვალსაზრისით. ამირ ოჰანამ მადლობა გადაუხადა შალვა პაპუაშვილს მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უახლოეს მომავალში ეწვევა ისრაელს.