საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა უკრაინის დამოუკიდებლობის 26-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმში მიიღეს მონაწილეობა. ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის ოცეულმა კიევის ცენტრალურ გამზირზე ჩაიარა.
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კიევში გამართულ აღლუმს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი დაესწრნენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ოცეული უკრაინაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით გაიგზავნა. „ქართველი სამხედროების მონაწილეობა უკრაინის დამოუკიდებლობის 26-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმში უკრაინელი ხალხის, უკრაინის მთავრობის მხარდაჭერა და ჩვენი ერთად ყოფნის გამოხატულებაა,“ – განაცხადა ლელა ჩიქოვანმა.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ქართველი სამხედროების აღლუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოში ხანძრის სტიქიით შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მხარდაჭერა აღუთქვა. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უკრაინაში ვიზიტი გააუქმა, რათა ატენის ხეობაში მიმდინარე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში პირადად მიეღო მონაწილეობა.
თავდაცვის სამინისტოს დელეგაციის კიევში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის პირველ მოადგილესა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ჯეიმს მატისს შორის შეხვედრა გაიმართა. თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმების წარმატება ხაზგასმით აღნიშნა და საქართველოს მთავრობას ამერიკის მთავრობის სახელით მხარდაჭერა აღუთქვა. „აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ მათი მხარდაჭერა მუდმივად გვექნება და ერთად გავუმკლავდებით იმ გამოწვევებსა და საფრთხეებს, რომლებიც დღეს ჩვენ წინაშე დგას,“ – განაცხადა ლელა ჩიქოვანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ქართველმა სამხედროებმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე ჩაიარეს
24/08/2017