ქართველმა სამართალდამცველებმა საერთაშორისო ოლიმპიადაზე კიდევ 3 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს

16/08/2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტსმენთა გუნდი აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში, „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“-ში მონაწილეობას წარმატებით აგრძელებს. ქართველმა სამართალდამცველებმა საერთაშორისო ოლიმპიადაზე კიდევ 3 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
საქართველოს შსს-ს ძალოსნებმა წარმატებით იასპარეზეს. ლევან გილიგაშვილმა 83 კგ წონით კატეგორიაში 190-კილოგრამიანი შტანგა ასწია და ოქროს მედალს დაეუფლა. ასევე, ოქროსმედალოსანი გახდა ვასილ მინდორაშვილი (105 კგ), რომელმაც 185-კილოგრამიანი შტანგა დასძლია. კობა კობახიძემ (105 კგ) კი 170 კილოგრამიანი შტანგა ასწია და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მოცურავე გიორგი სამარღანიშვილი, გულაღმა სტილით ცურვაში, ფინიშის ხაზთან პირველი მივიდა და ოქროს მედალი აიღო.
ქართველმა პოლიციელმა-მოკრივემ, ედუარდ იმერლიშვილმა კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0