გიორგი კვირიკაშვილის აზრით, ქართველებს, აფხაზებსა და „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობას შორის ნდობა ხელახლა ყალიბდება.
ამის შესახებ მან ლონდონში, ანალიტიკურ ცენტრ Chatham House-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა ოკუპირებული რეგიონებისადმი საქართველოს სამშვიდობო მიდგომაზე ისაუბრა და აღშფოთება გამოთქვა ცხინვალის დე-ფაქტო ხელმძღვანელობის გეგმის გამო, რომელიც რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ რეფერენდუმის შესაძლო ჩატარებას ეხება.
”ეს სრულიად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის მოქმედ პრინციპებს. გრძელდება ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ადმინისტრაციულ სასაზღვრო გამყოფ ზოლზე მძევლად აყვანის/გატაცების ფაქტები. აფხაზეთში, გალის რაიონში, ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას ეზღუდება განათლების ქართულ ენაზე მიღების უფლება. ჩვენ გვსურს, ამ საკითხებს მივაპყროთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ყურადღება”, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ ორი დღის წინ შევხვდი თომას ჰამერბერგს, რომელსაც ევროსაბჭოს მიერ აფხაზეთში ჰუმანიტარული მდგომარეობის შეფასება და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესწავლა აქვს დავალებული და მასთან მორიგი შეხვედრა 16 მაისს ექნება.
”როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს ტერიტორიების დაახლოებით 20 პროცენტი დღესაც ოკუპირებულია. გამოწვევების მიუხედავად, ვცდილობთ გავატაროთ ნდობის აღდგენისკენ მიმართული პოლიტიკა და მივიღოთ შესაბამისი ზომები, რაც გულისხმობს აფხაზი და ოსი მოსახლეობისათვის ჯანდაცვისა განათლების უფასო სერვისების უზრუნველყოფას. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ნდობის აღდგენისკენ მიმართული ზომები იმედისმომცემ შედეგებს იძლევა. ქართველებს, აფხაზებსა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას შორის ნდობა ხელახლა ყალიბდება. თავისთავად, ეს ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრულები. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ საქართველო, გასული ათწლეულების მანძილზე რამდენიმე კონფლიქტის შედეგად დაკარგული ნდობის აღსადგენად, მშვიდობიან ზომებს თანმიმდევრულად იყენებს. ამ კონფლიქტების გადასაჭრელად შეიარაღებული ძალის გამოყენება დაუშვებელია, არსებობს მხოლოდ მშვიდობიანი გამოსავალი, რომელიც საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად მიიღწევა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.