ქარელში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაზიანებული შენობის აღდგენა შემჭიდროვებულ ვადებში მოხდება

01/11/2019

ქარელში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაზიანებული შენობის აღდგენა შემჭიდროვებულ ვადებში მოხდება. შემთხვევის ადგილზე დილიდან იმყოფებოდნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი.

„სამწუხაროდ, დილით მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და ვიმედოვნებთ, რომ მალე გამოკეთდება. ადგილზე გავეცანით ინფრასტრუქტურული მიმართულებით არსებულ მდგომარეობას. ამ დროისთვის არც ერთ ოჯახს არ აქვს განთავსების პრობლემა, რაც შეეხება აღდგენით სამუშაოებს, უკვე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები და დაჩქარებულ რეჟიმში მოხდება აღდგენა. შესაბამისად, ყველა მოსახლე უსაფრთხო გარემოში დაუბრუნდება თავის ბინას. ”, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველადი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე დაზიანებულია 11 საცხოვრებელი ბინის შესასვლელი კარი, ოთახებს შორის ტიხრები და ჩამსხვრეულია მინები. ასევე, დაზიანებულია ეზოში მდგარი 1 ავტომობილი. უსაფრთხოების მიზნით, მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან განახორციელეს მოქალაქეთა ევაკუაცია. შემთხვევის შედეგად დაშავდა 58 წლის მამაკაცი, რომელიც გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში და უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ადგილზე მობილიზებულები არიან მეხანძრე-მაშველები, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, გაზის საავარიო ჯგუფის წარმომადგენლები და ყველა შესაბამისი სამსახური.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0