ქალაქ ოზურგეთში სპორტული კომპლექსი “OLYMPIC HOUSE” დღეს საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, გურიის გუბერნატორთან გია სალუქვაძესთან, მოადგილეებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. კომპლექსი სამ სპორტულ ობიექტს აერთიანებს: საცურაო აუზი, სატრენაჟორო დარბაზი და საუნა. ოლიმპიურ სახლში, ასევე, განთავსებულია ორი სასტუმრო ნომერი, სპორტული მუზეუმი, სპორტული ბიბლიოთეკა და მოსასვენებელი ვერანდა.
კომპლექსში გათვალისწინებულია ყველაფერი, რაც აქტუალური დასვენებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისთვის არის საჭირო: თანამედროვე სპორტული ინვენტარი, მაღალკვალიფიციური პერსონალი და მომსახურების უმაღლესი დონე.
კომპლექსში გამოცდილ ინსტრუქტორებთან ერთად ჩატარდება: ცურვის, აერობიკისა და აქუა აერობიკის გაკვეთილები; ასევე, იქნება საბავშვო სექცია. კვალიფიცირებული მასაჟისტი მოემსახურება სტუმრებს, როგორს სარელაქსაციო, ასევე, გასახდომი პროცედურებით. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გურიის რეგიონული ორგანიზაციის პრეზიდენტი ლაშა ლომაძე გახლავთ.
,,დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მიხარია, რომ ამ კომპლექსში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა კარგად ივარჯიშონ. მინდა მადლობა გადავუხადო ქალაქის მერს ბეგლარ სიორიძესა და კომიტეტის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს ლაშა ლომაძეს. მათი ერთობლივი ძალისხმევით მოხდა დღეს ოლიმპიური სახლის გახსნა. ვულოცავ ოზურგეთელებს და ვისურვებდი, რომ ასეთი კომპლექსები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიხსნას“,- აღნიშნა გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ.
საზეიმომო ღონისძიებას საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ახალგაზრდები და წარმატებული სპორტსმენები დაესწრნენ.
ქალაქ ოზურგეთში ოლიმპიური სახლი გაიხსნა
19/05/2016