ქალაქ ოზურგეთში თეატრალური ფესტივალი გაიხსნა

06/07/2016

ქალაქ ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საპრემიერო სპექტაკლით „ბოშები“გაიხსნა. სპექტაკლი „ბოშები“ რეჟისორმა გიზო ჟორდანიამ ოზურგეთის თეატრის დასთან ერთად დადგა.
ფესტივალის გახსნას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ქალაქის მერი ბეგლარ სიორიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ცნობილი თეატრალები, მსახიობები და საზოგადოების წევრები დაესწრნენ.
აღნიშნული ფესტივალი სხვადასხვა თეატრებში ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმულ სპექტაკლებს აერთიანებს. მაყურებელი ათი დღის განმავლობაში დუმბაძის ნაწარმოებების განსხვავებულ ინტერპრეტაციებს იხილავს. ფესტივალს დახურავს ქართულ-ლიტვური კოპროდუქცია – ოზურგეთისა და პანევეჟისის თეატრების ერთობლივი სპექტაკლი „გამარჯობა ხალხო“. სცენაზე ნოდარ დუმბაძის პოპულარულ და ყველასთვის საყვარელ პერსონაჟებს ლიტველი და ქართველი მსახიობები ერთდროულად გააცოცხლებენ. ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი წელს პირველად იმართება და ის ყოველწლიური გახდება.
ფესტივალის დამფუძნებლები ოზურგეთის თეატრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ქალაქ ოზურგეთის მერია გახლავთ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0