ქალაქ ახალციხის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ახალციხის ცალკეული უბნებისა და მიმდებარე სოფლების (მინაძე, ჭაჭარაქი, ივლიტა) წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-განვითარების, ხოლო „აბის დასახლების” წყალარინების სისტემის პროექტირება-მშენებლობის“ პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე, მოადგილესთან აკაკი მშვიდობაძესთან, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულთან, ბესიკ ამირანაშვილთან, მოადგილესთან დავით ვარდიაშვილთან და ახალციხის მერთან, ირაკლი ლაზარიშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო. პროექტი ითვალისწინებს სატუმბო სადგურისა და რეზერვუარის მშენებლობას, წყალმომარაგების და წყალარინების ქსელის მოწყობასა და მოსახლეობის გამრიცხველიანებას. პროექტი 2024 წელს დასრულდება, რის შედეგადაც, 11 400-მდე ბენეფიციარი 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, სამშენებლო სამუშაოები კიდევ რვა პროექტის ფარგლებშია დაგეგმილი, რომლის დაწყებაც 2023 წელს იგეგმება და ეტაპობრივად, 2025 წლის ბოლომდე დასრულდება.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ჯამური ღირებულება 350 მლნ. ლარზე მეტს შეადგენს. ფიზიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა უწყვეტი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
ქალაქ ახალციხის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
03/05/2023