ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ქაბულში, RSM-ის ბაზაზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე ავღანეთში დაღუპული ქართველი მეომრების მემორიალი გაიხსნა. ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრო. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკა აგლაძე, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე, ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე, სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები. ცერემონიალზე ქართულ დელეგაციასთან ერთად უცხოელი სამხედრო წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. მემორიალის გახსნის შემდეგ კაპელანმა მამა გიორგიმ პარაკლისი გადაიხადა.
მოგვიანებით თავდაცვის მინისტრი 42-ე ბატალიონის ასეულის პირად შემადგენლობას შეხვდა.
„შესაძლებლობა გვქონდა გავსაუბრებოდით ჩვენს სამხედროებს. ქართველმა საზოგადოებამ იცის, რომ გაეროს მისიაში აქ, ავღანეთში ძალიან მაღალ თანამდებობაზე მსახურობს ქართველი გენერალი ჩაჩიბაია, რომელიც შეხვედრაზე ჩვენთან ერთად იმყოფებოდა. ვისაუბრეთ უსაფრთხოების მდგომარეობაზე, იმ ძირითად გამოწვევებზე რომელიც ავღანეთში არსებობს, შესაძლებლობებზე, 2017 წლის გეგმებზე. ასეთ დრო ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების წინ ნებისმიერი ხელისუფლების ვალია, უშუალოდ იმ ხალხისგან მიიღოს პირველადი ინფორმაცია, ვინც ცხელ ზონაში იმყოფება და ვისაც წვდომა აქვს კონკრეტულ ფაქტებთან, წვდომა აქვს შესაძლებლობებთანაც და წვდომა აქვს მოთხოვნების იმ რესურსთან, რომელიც არსებობს. დღეს ავღანეთში ვითარება არ არის იმდენად სტაბილური, ვივარაუდოთ, რომ აქ რამე მისია მალე დასრულდება და, შესაბამისად, ჩვენ ბუნებრივია, მოგვიწევს ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება პარტნიორებთან ერთად“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გამართული შეხვედრების შემდეგ ნატოს წევრ ქვეყნებში ვიზიტებს განაახლებს. ავღანეთიდან ის ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.