ფულის გათეთრების მიმართულებით ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამსახურის არეალი ფართოვდება

01/12/2022

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტთა პაკეტზე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, მეორე მოსმენით იმსჯელა. კანონპროექტს, რომელიც ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ წარადგინა, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. ცვლილების თანახმად, კანონში გაჩნდება პირდაპირი სამართლებრივი საფუძველი, რითაც ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს, მისი კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების გამოცემის უფლებამოსილება მიენიჭება. გარდა ამისა, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით მისი მეთვალყურეობის ქვეშ მოექცევა არასერთიფიცირებული ბუღალტრები. ასევე, ხარისხის კონტროლის სტანდარტი იცვლება ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტით. ფართოვდება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის კონტროლს დაქვემდებარებულ ანგარიშვალდებულ პირთა წრე და მასში მოექცევა პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტერი და საბუღალტრო ფირმა (არასერტიფიცირებული ბუღალტრები). აღნიშნული ცვლილებით, შესაძლებელი გახდება სამსახურის მიერ დადგენილი წესით პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრებისა და საბუღალტრო ფირმების რეესტრის წარმოება, შედეგად მოხდება ბუღალტრული საქმიანობის განმახორციელებელ პირთა იდენტიფიკაცია. მიხეილ დუნდუას განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებები უკავშირდება ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას და Moneyval-ის (ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლოს შეფასების რჩეულ ექსპერტთა კომიტეტი ევროსაბჭოში) რეკომენდაციებს. კანონპროექტთა პაკეტის მუხლობრივად განხილვისას მომხსენებელმა იმ ტექნიკურ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლებიც პირველი მოსმენისას გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით განხორციელდა კანონპროექტებში. კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე გატანას. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღეს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზეც იმსჯელა. მიხეილ დუნდუას თქმით, აღნიშნული ცვლილება ასევე უკავშირდება 12 პუნქტიან გეგმას და Moneyval-ის რეკომენდაციებს. ცვლილება შეეხება სათამაშო ბიზნესში სანებართვო საქმიანობის გაფართოვებას. ცვლილებების თანახმად, სანებართვო საქმიანობის მიღმა არ დარჩება სათამაშო ბიზნესის არც ერთი სფერო. პროექტით ასევე, იცვლება ტერმინოლოგია და ამის შესაბამისად ტექნიკური ცვლილებები განხორციელდება თანმდევ კანონებში: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“, „რეკლამის შესახებ“, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ და „საქართველოს საზღვაო კოდექსში“. მომხსენებლის შეფასებით, აღნიშნული ცვლილებების შედეგად დარეგულირდება სანებართვო საქმიანობის გაცემასთან და სანებართვო პირობებთან დაკავშირებული საკითხები. საკანონმდებლო ჩარჩოში მოექცევა სანებართვო კონტროლი და პასუხისმგებლობის საკითხები. სანებართვო მოსაკრებლის დაწესება, თავის მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას გამოიწვევს. კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0