ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ სხდომაზე პარკირების საკითხთან დაკავშირებულ გამოწვევებზე იმსჯელეს

30/11/2016

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა თბილისის მერის მოადგილეს ირაკლი ლექვინაძეს, ასევე დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის, იურიდიული, საფინანსო, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურებისა და ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებს თბილისში პარკირების საკითხთან დაკავშირებულ გამოწვევებზე მოუსმინეს და აღნიშნული მიმართულებით კომპანიის „სითი პარკი“ წინაშე მდგარ მიმდინარე და სამომავლო ამოცანებზე იმსჯელეს.
სხდომას, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარე რიმა ბერაძე უძღვებოდა, ფრაქციის წევრები, მერიის საქალაქო სამსახურების უფროსები, ასევე საზოგადეობის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ფრაქციის თანხმობით, საკრებულოს სხვა ფრაქციებისა და წარმომადგენლობითი ორგანოს ოპოზიციონერი წევრები ესწრებოდნენ.
რიმა ბერაძემ სხდომის მონაწილეებს თბილისში ტრანსპორტის მოძრაობისა და რაოდენობის, ასევე პარკირებისა და საცობების სტატისტიკა გააცნო. მისი განცხადებით, დედაქალაქში ავტომანქანების არსებული რაოდენობიდან გამომდინარე, მათი პარკირება ჯეროვნად ვერ ხორციელდება.
როგორც რიმა ბერაძემ აღნიშნა, დღევანდლი შეხვედრის მიზანი აღნიშნული სფეროს შემდგომი მართვის გზების დასახვაა, რათა დედაქალაქს მაქსიმალურად სამართლიანი, რენტაბელური, განახლებადი და რაც მთავარია, ქალაქის საჭიროებებზე მორგებული პროგრამა ჰქონდეს.
სხდომაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნული მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე მერიის წარმომადგენელთა ხედვა მოისმინეს და პარკირების საკითხის გადაჭრის გზები განიხილეს.
დღესვე, სხდომის მონაწილეები საკრებულოს წევრებისა და მერიის წარმომადგენლების შემადგენლობით კომისიის შექმნაზე შეჯერდნენ, რომელიც თბილისში აღნიშნული ვითარების თვისობრივი და ხარისხობრივი გაუმჯობესების კუთხით ინტენსიურად იმუშავებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0