ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ 1 მარტის რიგგარეშე პლენარული სხდომის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს, ამის შესახებ ვიცესპიკერმა ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განცხადებით, რიგგარეშე სხდომის თემა „ფარული მოსმენების შესახებ“ კანონპროექტს უკავშირდება. დეპუტატი ვარაუდობს, რომ აღნიშნულ კანონს ხვალ მესამე მოსმენით მიიღებენ. „ჩვენმა ფრაქციამ დააფიქსირა პოზიცია და ჩვენ ვთქვით, რომ მრავალ ასპექტთან მიმართებაში, არ ვიზიარებთ ამ კანონპროექტის სულისკვეთებას. მიგვაჩნია, რომ დღეს შინაარსზე და დეტალებზე საუბარს აზრი აღარ აქვს,“- აღნიშნა ირმა ინაშვილმა.
ვიცესპიკერს მიაჩნია, რომ უნდა შეიქმნას კიბერუსაფრთხოების მძლავრი სამსახური, თავისი ელექტრონული დაზვერვის და კონტრდაზვერვის სამსახურებით. „ეს სულ სხვა ტიპის სამსახურია და ჩვენ ამ მოდელზე ვსაუბრობდით სხვადასხვა შეხვედრებზე. უმრავლესობა არ ითვალისწინებს ოპოზიციის ცალკეულ შენიშვნებსა და მოსაზრებებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
მისი თქმით, „საქართველოს პარლამენტში დეპუტატს საშუალება უნდა ჰქონდეს, ყველა პლენარულ სხდომაზე გააკეთოს პოლიტიკური განცხადება, რაც მოქმედი რეგლამენტით აკრძალულია და დეპუტატს არ აქვს საშუალება ყველა სხდომაზე ისაუბროს სხვა თემებზე, სხვა პრობლემებზე, რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრები არ არიან სხვადასხვა კომისიებისა და საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობაში. „ჩვენ არ გვყავს წევრი ეუთო-ში, რომელიც უმნიშვნელოვანეს საკითხებს განიხილავს, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის საკითხს. არადა ჩვენ გვყავს ერთადერთი აფხაზი დეპუტატი ადა მარშანია, რომელსაც ვიცი, რომ ასევე არ დაუჭერენ მხარს, იყოს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და გვთავაზობენ მდივნის პოსტს. ადა მარშანია არათუ ამ კომისიის თავმჯდომარის მოადგილეობას, არამედ თავმჯდომარეობასაც იმსახურებს“, – აღნიშნა პარლამენტის თავმდჯომარის მოადგილემ.
ირმა ინაშვილის განცხადებით, „საქართველოს პატრიოტები“ და „ქართულ ოცნება“ ვერ თანხმდება ნდობის ჯგუფის საკითხზე. მისი ინფორმაციით, ნდობის ჯგუფში ნაცვლად 5 წევრისა, 4 წევრი იქნება. „ამას ხსნიან იმით, რომ ორ ნაწილად გაიყო ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია. არ გვაინტერესებს, რამდენ ნაწილად გაიყოფა ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ ნდობის ჯგუფის შესახებ კანონი მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ ჩვენ როგორც ბარიერგადალახულ საარჩევნო სუბიექტს და საპარლამენტო პარტიას, კი არ გვჩუქნის ვინმე ამ კვოტას, არამედ გვეკუთვნის გვყავდეს წევრი ნდობის ჯგუფში“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.