1826 წელს, ფრანგმა ჟოზეფ ნისეფორ ნიეფსიმ მისი სტუდიის ფანჯრიდან შექმნა ხედის რეპროდუქცია, რომელზედაც წარმოდგენილი იყო ფარდულის დაქანებული სახურავი, მსხლის ხე, რომლის ტოტებს შორის ცის კამარა მოჩანდა და მტრედის სახლი. ეს უხეში და გაურკვეველი გამოსახულება კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში პირველ წარმატებულ ფოტოსურათს წარმოადგენდა. ყოველდღიური ცხოვრების რეალისტური გამოსახულების შექმნის შესაძლებლობა, რომელსაც მხატვარი არ ესაჭიროებოდა, იმდენად მომხიბვლელი იყო, რომ ფრანგმა პორტრეტისტმა ფერმწერმა პოლ დელაროშიმ აღფრთოვანება ვერ დაფარა: “დღეის მერე მხატვრობა აღარ იარსებებს!” დღეს კვლავინდებურად საკამათოა საკითხები სტილის, ტექნიკისა და თემის შესახებ, რაც ფოტოგრაფიის დაბადებიდან დაიწყო და ახლაც გრძელდება. ფოტოპორტრეტი, მოდური ფოტოგრაფია, თუ ფოტორეპორტაჟი მხატვრულ ფოტოგრაფიაში მიღწეულ ფოტოშემოქმედების გარკვეულ ფორმებს წარმოადგენს. ბუნებრივია, თანამედროვე ციფრულმა ტექნოლოგიებმა ფოტოგრაფიას ახალი, შემეცნებითი იმპულსები შესძინა და ამ სფეროში დაკავებული ადამიანებისთვის, კრეატიული აზროვნების უსაზღვრო სივრცე გადაიშალა. საერთაშორისო ფოტოკონკურსის „ილო“ ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი იამზე ვაჩეიშვილი, სწორედ კრეატიული მიდგომით, განსხვავებული ხედვით, რაკურსის უნიკალური დანახვით და ადამიანური ემოციების აღბეჭდვის ბუნებრივი სილაღით გამოირჩევა. ჩვენ მასთან ბლიც-ინტერვიუ ჩავწერეთ…
– იამზე, როგორ დაიწყო ფოტოგრაფიაში შენი პირველი ნაბიჯები?
– ყველაფერი ბანალურად მოხდა… დაახლოებით 8 წლის წინ, სამსახურეობრივი მოვალეობის გამო, დამჭირდა ხელში ფოტოაპარატი ამეღო. დროთა განმავლობაში ამ პროფესიამ გამიტაცა, რაშიც ჩემი მეგობარი ფოტოგრაფი დამეხმარა და ასე მოვხვდი ფოტოგრაფთა ასოციააციის თავმჯდომარესთან, ბატონ კახა ფხაკაძესთან.
– რატომ ფოტოგრაფია…
– აღმოვაჩინე, რომ მომწონს გამჟღავნებული ემოციები, გამიჩნდა სურვილი მათი აღბეჭდვის, თურმე ადამიანებსაც მოსწონთ სხვა რაკურსით დანახული საკუთარი თავი. გარდა ამისა, ზოგჯერ, გარემო ისეთ „კადრებს გვთავაზობს“ რომლის დაკარგვა მენანება.
– საკუთარი ემოციები..
– მე მიყვარს ჩემი საქმიანობა და, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თავი საკმაოდ გვიან ვიპოვე, დღეს სწორედ ამით ვანიჭებ სხვებს სიხარულს და ეს თავად მანიჭებს ბედნიერებას.
– მოტივაცია…
– მოტივაციას თავად იქმნის ადამიანი, რას დაისახავ მიზნად, რისი მიღწევა გსურს… ფოტოგრაფისთვის მნიშვნელოვანია მისი კადრი იყოს ექსკლუზიური და უნიკალური, მაგრამ, ვფიქრობ, მთავარი შენეული ხედვაა. ფოტოგრაფია პროფესიულ უნარ-ჩვევებთან ერთად გამართლებაცაა – საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოჩნდე ფოტოკამერით.
– სამომავლო გეგმებზე…
– გავაგრძელო ფოტო-ტურები ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ. საბედნიეროდ, საქართველოში, მართალია შენელებული ტემპით, მაგრამ მაინც გაჩნდა ფოტოგრაფიის კრეატიული განვითარების ნიშნები და იმედია, ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება. მინდა, რომ საკუთარი ფოტო-სტუდია მქონდეს. გარდა ამისა, მინდა გავაცოცხლო საოჯახო ფოტოების ძველი ტრადიცია, ვესტუმრო ადამიანებს სახლებში, ერთად ავღბეჭდო სხვადასხვა თაობის ოჯახის წევრები და შევუქმნა ფოტოისტორია.
-კონკურსი…
-კონკურსის შესახებ მაიამბო პოეტმა გიზო თავაძემ და მირჩია მონაწილეობის მიღება. აქამდე კონკურსში მონაწილეობა არ მიმიღია და მაინტერესებდა, როგორ შეაფასებდნენ პროფესიონალები ჩემს ნამუშევრებს. სასიამოვნო იყო, რომ ევროპისა და აზიის 8 ქვეყნის ფოტოგრაფთა ნამუშევრებთან ერთად ჩემი სამი ფოტო შეარჩია ჟიურიმ საგამოფენოდ. ჩემმა ფოტომ მოიპოვა ჟიურის სპეციალური პრიზი, რომელიც წელს პირველად დაწესდა, ეს არის „ილოს კამერა“ და დიპლომი. აღნიშნული საერთაშორისო კონკურსი გაიმართა ქალაქ ქუთაისში, რომელშიც ქართველ ფოტოგრაფებთან ერთად მონაწილეობდნენ ფრანგი, ჰოლანდიელი, ებრაელი, ბერძენი, ესტონელი, უზბეკი და უკრაინელი ფოტოგრაფები. საორგანიზაციო ჯგუფთან ერთად, საერთაშორისო ფოტო კონკურსს ილო 2022, ორგანიზება გაუწია ქალაქ ქუთაისის მერიამ.