ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

05/01/2017

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი 15 მილიონ 600 ათასი ლარით განისაზღვრა. მთავარი საფინანსო დოკუმენტის ძირითადი პრიორიტეტებია: ინფრასტრუქტურის განვითარება,მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლების ხელშეწყობა, კულტურა, ახალგაზრდული და სპორტული პროექტები. „ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა, პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა. ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 2017 წელს 3 მილიონ 836 ათასი ლარი დაიხარჯება. სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება, რომელიც მომავალ წელს 2 მილიონ 170 ათასი ლარით დაფინანსდება. განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა. ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს მდიდარი კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, რაც 2017 წელს 2 მილიონ 209 ათასი ლარით დაფინანსდება. თვითმმართველობა არსებული რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას, რაზეც წელს მუნიციპალური ორგანო 1 მილიონ 632 ათას ლარს დახარჯავს, “ – ნათქვამია 2017 წლის პრიორიტეტების დოკუმენტში. ბიუჯეტის მუხლობრივად განხილვის შემდეგ 2016 წელს განხორციელებული საქმიანობა მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კაკულიამ შეაფასა: „მინდა მადლობა გადავუხადო საკრებულოს, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს – კოორდინირებული და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, დაუღალავი შრომისა და მხარდაჭერისთვის. ამ ხნის მანძილზე ვცდილობდით დაგროვილი პრობლემების შემცირებას, რაც აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების ეფექტური მუშაობის შედეგია. მინდა მომავალი წელი ჩვენი ქალაქის განვითარების მხრივ მეტად მნიშვნელოვანი იყოს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებას და ვაგრძელებთ მუნიციპალიტეტის განვითარებაზე ზრუნვას,“- განმარტა ქალაქის მერმა. 2017 წლის ბიუჯეტი მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს დაამტკიცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0