საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დღეს, საწყისი საბრძოლო მომზადების პირადმა შემადგენლობამ, თბილისში და საქართველოს ხუთ რეგიონში, ერთდროულად დადო სამხედრო ფიცი. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან ფიცი ნოქალაქევში – დიდი ისტორიული დატვირთვის მქონე ციხე-გოჯის ტერიტორიაზე დაიდო. ამ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივი დანიშნულების ღონისძიებას ესწრებოდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავა, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
სენაკში – ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე გამართული ღონისძიების პარალელურად ფიცის დადების ცერემონიალები მოეწყო თბილისში – თავისუფლების მოედანზე; კახეთში – იყალთოს მონასტრის ტერიტორიაზე; სამცხე-ჯავახეთში – ვარძიის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმერეთში – ქუთაისის თეატრის წინ და აჭარაში – ბათუმის ბულვარზე.