დღეს, ბოლნისში მდებარე შინმოუსვლელთა მემორიალთან, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, საპატიო სტუმრები და მოქალეები შეიკრიბნენ, 71 წლის წინ ფაშიზმზე ბრწყინვალე გამარჯვება გაიხსენეს და გარდაცვლილი მეომრების პატივსაცემად მემორიალი გვირგვინით შეამკეს. შინმოუსვლელთა მემორიალთან N4 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა ლექსები წაიკითხეს და ომის ვეტერანებს ყვავილები მიართვეს. ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილთან ერთად ესწრებოდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა მონაწილეებთან ერთად, კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე საბჭოთა კავშირის გმირის, უკრაინელი კაპიტნის ვლადიმერ რუჟინის საფლავი ყვავილებით შეამკო.
9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება მთავარ ბიბლიოთეკაში გაგრძელდა. ვეტერანებს საზეიმო სადილი დახვდათ, რომელიც კულტურული ღონისძიების თანხლებით წარიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლთან არსებულმა ანსამბლებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა. ბოლნისში დღეის მდგომარეობით 13 ვეტერანია რეგისტრირებული. ყველა მათგანს საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან 600, ხოლო ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 ლარი ჩაერიცხა.
,,დღეს, ჩვენს ვეტერანებს მივულოცეთ ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი.ვფიქრობ, ამ დღის მნიშვნელობის აღნიშვნას განსაკუთრებული ხაზგასმა არ სჭირდება იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ ვიცით თუ რა შეძლეს ამ ადამიანებმა ფაშიზმის დასამარცხებლად, როდესაც 71 წლის წინ წერტილი დაუსვეს ევროპაში ყავისფერი ჭირის გავრცელებას. მინდა ყველა ვეტერანს მივულოცო დღევანდელი დღე, ვუსურვო ჯანმრთელობა, მხნეობა და დიდხანს სიცოცხლე”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.
ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე საიუბილეო წელი ბოლნისში საზეიმოდ აღინიშნა
09/05/2016