ფაშიზმზე გამარჯვების დღე მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მასშტაბით აღინიშნა

09/05/2022

II მსოფლიო ომის დასრულებიდან 77 წელი გავიდა. ფაშიზმზე გამარჯვების დღე მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მასშტაბით აღინიშნა. თარიღთან დაკავშირებით, მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, პირველ მოადგილესთან გიორგი ჩიფჩიურთან, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან დიმიტრი ზურაბიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილთან ერთად, ქალაქ მცხეთაში გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

“ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, განსაკუთრებით კი ომის ვეტერანებს, რომლებიც ჩვენს რეგიონშიც ცხოვრობენ. თქვენი თავგანწირვისა და გმირობის შედეგი კაცობრიობის ფაშიზმისგან ხსნაა. მადლობას გიხდით გამოჩენილი სიმამაცისა და თავდადებისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და დიდხანს სიცოცხლეს”, – განაცხადა დავით ნოზაძემ.

ასევე, ქალაქ დუშეთში იმყოფებოდა მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ჩიფჩიური. მან, მუნიციპალიტეტის მერთან მაცაცო ნარიმანიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, შინმოუსვლელთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და 9 მაისის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. თიანეთის მუნიციპალიტეტში კი, გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ, მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე და მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური კულტურის ცენტრში იმყოფებოდნენ, სადაც თემატური ღონისძიება გაიმართა. მას, აგრეთვე, ესწრებოდა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ვეტერანი, 97 წლის გიორგი სუარიშვილი. ომის ვეტერანს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფაშიზმზე გამარჯვების დღე პირადად მიულოცეს და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს.

აღსანიშნავია, რომ დღეის მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით, ომის ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების რაოდენობა ექვს ადამიანს შეადგენს. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0