ფაქტობრივად, დასკვნით ფაზაშია სკოლების მშენებლობა

23/10/2021

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში ზაზა ლომინაძემ, ქუთაისში სასკოლო ინფრასტრუქტურის სამუშაოები დაათვალიერეს.

„ფაქტობრივად, დასკვნით ფაზაშია სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს 67 სკოლის მშენებლობა, საიდანაც 52 სკოლა უკვე დასრულებულია და წლის ბოლო, სულ, 60 სკოლა იქნება დასრულებული. მომდევნო სექტემბრისთვის კი, უკვე დარჩენილი 7 სკოლაც იქნება აშენებული. ასევე, მაღალი ჩართულობაა სარეაბილიტაციო სკოლებთან მიმართებაში. მიმდინარეობს 100-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია, საიდანაც წლის ბოლოსთვის 50 სკოლა დასრულდება, დარჩენილი სკოლების რეაბილიტაციას კი, შემდეგ წელს დავასრულებთ,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.

“ძალიან მასშტაბური სასკოლო ინფრასტრუქტურის სამუშაოები მიმდინარეობს მთლიანად იმერეთის მასშტაბით. ჩვენ რეალურად 3 სკოლის რეაბილიტაცია დავასრულეთ და ახლა მიმდინარეობს 19 სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები. გარდა ამისა წელს დასრულდა ცხრა სკოლის მშენებლობა და ჯერჯერობით კიდევ სამი სკოლის დასრულების სამუშაოები მიმდინარეობს. სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა მომავალ წელსაც გაგრძელდება ახალი სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია” – ზვიად შალამბერიძე.

ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მის რეაბილიტაციას სახელმწიფო ბიუჯეტი 2,9 მილიონი ლარით აფინანსებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. 750-მე მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება. სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდება და სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის. მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები, კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორიაც. შენობაში დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები. ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წელს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0