ფაქტია, რომ გამართული სატრანსპორტო ქსელის გარეშე შეუძლებელია ქალაქი ურბანული თვალსაზრისით მოაწესრიგო

02/06/2021

თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიში წარუდგინა. მისი თქმით, სატრანსპორტო რეფორმის მიზანია მოქალაქეების სწრაფი და კომფორტული გადაადგილება და ის ფუნდამენტურად ცვლის აქამდე არსებულ მიდგომებს.

„პირადად მე, ასევე, ჩემს თანაგუნდელებს, იმ ადამიანებს, ვისაც უყვარს ჩვენი ქალაქი, ქვეყანა, ძალიან გვსიამოვნებს, როდესაც ვუყურებთ ქალაქს, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხების გარეშე გადაადგილდება, თუმცა ამ მიმართულებით ჯერ კიდევ გვაქვს სერიოზული პრობლემები. პირველი ნაბიჯები გადაიდგა და ქალაქში ჩნდება შესაბამისი ავტობუსის ზოლები იმისთვის, რომ ავტობუსებმა, მიკროავტობუსებმა უპრობლემოდ შეძლონ გადაადგილება, რადგან მარტო ავტობუსების განახლება და ახალი პარკი ვერ მოგვცემს იმ შედეგს, რომ ჩვენმა მოსახლეობამ მოახერხოს კომფორტულად მგზავრობა, თუ ავტობუსებს შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ ექნება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ეკომეგობრული ტრანსპორტი, რომელსაც ყველა თაობის ადამიანი იყენებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები მოძრაობენ და როგორც ვიზუალური, ისე ფუნქციური თვალსაზრისით, ჩვენი დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკაში უპირატესობა ქვეითებს და ეკომეგობრულ ტრანსპორტს ენიჭება.

„ფაქტია, რომ გამართული სატრანსპორტო ქსელის გარეშე შეუძლებელია ქალაქი ურბანული თვალსაზრისით მოაწესრიგო, ხოლო მოძველებული ავტოპარკით გარემოსდაცვითი მიმართულებით ზრუნვა სასურველ შედეგებს ვერ გამოიღებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიდგომა იყო კომპლექსური, რათა ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა შეგვექმნა, დაგვემატებინა ახალი სერვისები და სატრანსპორტო პოლიტიკა არსებითად გაგვეუმჯობესებინა. სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით, ჩვენს პროგრამაში უპირატესობა პირველ რიგში, ენიჭებათ ქვეითებს და ეკომეგობრულ ტრანსპორტს. შემდეგ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომლითაც ყოველდღიურად ასიათასობით ადამიანი გადაადგილდება, ბოლოს კი კერძო ავტოსატრანსპორტო საშუალებებს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, აღნიშნული რეფორმის წამოწყება გარკვეულ რისკებსაც შეიცავდა, თუმცა, გუნდმა ეს ნაბიჯი დედაქალაქის სასიცოცხლო ინტერესისთვის მაინც გადადგა.

„ნამდვილად მეამაყება, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული რეფორმები ხორციელდება. იცით, რატომ ვამაყობ ყველაზე მეტად ამ დაწყებული რეფორმით, რომელიც იმდენად მაშტაბურია რომ დასრულებას წლები დასჭირდება? წარმოიდგინეთ საბჭოთა კავშირის დროინდელი სისტემა, რომელსაც ხელს ვერავინ კიდებდა თანმდევი პოლიტიკური რისკების გამო, ყველა თავს არიდებდა მოსახლეობის ნაწილის მხრიდან ამის გამო უკმაყოფილებას, ოპონენტების მხრიდან კი პოლიტიკური დემაგოგიის ფრონტის გახსნას. მაგრამ ჩვენ გავრისკეთ და გადავდგით ეს ნაბიჯი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქალაქისთვის. მიმაჩნია, რომ სატრანსპორტო მიმართულებით, ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების გამოსწორების დაწყება უდრიდა ერთგვარ შოკურ თერაპიას, მაგრამ რეფორმა საჭირო იყო თბილისისთვის და ჩვენ გავრისკეთ ამ გამოწვევასთან შეჭიდება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ თბილისელს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვარჩიეთ ქალაქის, მოქალაქეების ინტერესები და არა პოლიტიკურად მომგებიანი პოზა, ჩვენ პოპულიზმს საქმის კეთება ვარჩიეთ და ეს სითამამე, გნებავთ პატრიოტიზმი ნამდვილად მეამაყება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ კომპანიას და ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებს, რომლებიც სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებში მუნიციპალიტეტს თანადგომასა და მხარდაჭერას უცხადებენ.

„მიხარია და მჯერა, რომ როცა სატრანსპორტო რეფორმა დასრულდება არამარტო თბილისელები, არამარტო ჩემი გუნდი, არამედ ყველა მართლა ქვეყანაზე მზრუნველი ადამიანი, პოლიტიკოსებიც დააფასებენ გაწეულ სამუშაოს. მჯერა, რომ უახლოეს მომავალში თბილისი დადგება სხვა ევროპული დედაქალაქების გვერდით გამართული სატრანსპორტო პოლიტიკით“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტები თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ წარმოადგინა. მისი თქმით, ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს: საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განახლება, ტრანსპორტის მართვის სისტემა, ავტობუსების პარკის განახლება, მიკროავტობუსების პარკის განახლება, მეტროპოლიტენის რეაბილიტაცია, ტაქსების რეფორმა, ზონალურ-საათობრივი პარკირება, ქვეითებისთვის პრიორიტეტის მინიჭება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და მისი მოხმარების ზრდა, კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოხმარების მკვეთრი შემცირება და მულტიმოდალური, უსაფრთხო და კომფორტული ქუჩის დიზაინი.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ეს არის ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ქუჩები.

„ეს არის მოდელი, თუ როგორი უნდა იყოს განვითარებული თბილისი, როგორი უნდა იყოს სატრანსპორტო პოლიტიკა, მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურა. ეს არის ხედვა, თუ როგორ გვინდა, მომდევნო წლების განმავლობაში ქუჩები დაპროექტებული“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ანგარიშის წარდგენაზე ასევე საუბარი შეეხო ქვეითებისა და ეკომეგობრული ტრანსპორტის ხელშეწყობისთვის განხორციელებულ ღონისძიებებს. კერძოდ, ქალაქის მასშტაბით 19 ლოკაციაზე განხორციელდა მიწისზედა გადასასვლელი ხიდების დემონტაჟი და მათ ნაცვლად მოეწყო შუქნიშნით რეგულირებადი ზებრა გადასასვლელები; მოეწყო და დაიხაზა ველოსიპედის 22-კილომეტრიანი განცალკევებული ზოლი; გატარებული ცვლილებების შედეგად, ამოქმედდა ელექტროსკუტერების გაზიარების სერვისი, რომელსაც თბილისში არაერთი კომპანია ახორციელებს. ღონისძიებაზე თბილისის ვიცე-მერმა ისაუბრა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განახლებაზე, რაც მოცდის დროს საშუალოდ 4 წუთამდე შეამცირებს.

„ჩვენ შევიმუშავეთ და ეტაპობრივად ინერგება ახალი სატრანსპორტო ქსელი, რომელიც სამდონიანია. ის შედგება სწრაფი გადაადგილების დერეფნისა და მისი მკვებავი, დამაკავშირებელი ორი – საქალაქო და საუბნო მნიშვნელობის მარშრუტებისგან. სწრაფ სატრანზიტო დერეფანზე მოძრაობს 12-მეტრიანი და მომავალში იმოძრავებს უკვე 18-მეტრიანი ავტობუსები, ხოლო საქალაქო და საუბნო მნიშვნელობის მარშრუტებზე – 6, 8 და 10-მეტრიანი ავტობუსები. აღნიშნული ქსელის სრულად იმპლემენტაციის შემდეგ, მოცდის დრო მცირდება მინიმუმამდე. ეს იქნება საშუალოდ 4 წუთი, ხოლო ავტობუსების ტევადობა და გამტარუნარიანობა იზრდება 2.5-ჯერ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

პრეზენტაციაზე აღნიშნულთან დაკავშირებით ისაუბრა დედაქალაქის მერმაც. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საავტობუსე ზოლები არ მოეწყობა, ტრანსპორტის მიმართულებით გატარებულ რეფორმებს აზრი ეკარგება.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ თუ ჩვენ საავტობუსე ზოლები არ განვახორციელეთ პროექტის სახით, მაშინ ამ რეფორმების განხორციელებას მთლიანად აზრი ეკარგება. პრობლემა მხოლოდ იმით არ მოგვარდება, რომ შევიძინოთ ახალი ავტობუსები და ძველი ჩავანაცვლოთ ახლით. ქალაქში ჯერ კიდევ არის სერიოზული პრობლემა მოცდის დროსთან დაკავშირებით. ეს ხდება იმიტომ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ქალაქში ჯერ კიდევ არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. რა თქმა უნდა, ცალკეულ ქუჩებზე დაიხაზა საავტობუსე ზოლები, მაგრამ ის ძირითადი მიმართულებები, რომელზეც ვიცე-მერი საუბრობდა, მთლიანად მოწესრიგებული არ არის. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს უწევთ ნახევარი საათი, 40 წუთი ლოდინი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავზარდეთ და ვზრდით ავტობუსების რაოდენობას და გვყავს განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მაგრამ მხოლოდ ეს ვერ იქნება პრობლემის მოგვარების გზა. ამას ჭირდება შესაბამისი, თანმდევი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა პირობა მისცა დედაქალაქის მცხოვრებლებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით, თბილისში პრობლემა არასდროს დადგება.

„ამ ქალაქში მოსახლეობას ყოველთვის სუფთა, მოწესრიგებული, სწრაფი ავტობუსები და მიკროავტობუსები მოემსახურება. ჩვენ გვახსოვს წლების განმავლობაში ქალაქში როგორი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობდა. კერძო ავტომობილების რაოდენობის გაზრდა ამანაც განაპირობა. თუმცა, ე. წ. ყვითელი ავტობუსების შემოყვანამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რადგან ეს იყო ის დრო, როდესაც არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაუბედურებული იყო. ჩვენ ვფიქრობთ მომავალზე, ამიტომაც შემოვიყვანეთ ერთ-ერთი საუკეთესო კომპლექტაციის მქონე 8-მეტრიანი, 10-მეტრიანი, 12-მეტრიანი ავტობუსები და ამ შესყიდვების ციკლს დავასრულებთ 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანით. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითადი მიზანია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გამოიყენოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც პრეზენტაციაზე ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, დედაქალაქში კიდევ 380 ერთეული ავტობუსი და 700 ერთეული მიკროავტობუსი შემოვა.

„ავტობუსების პარკის განახლება ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დაპირება იყო. ეს მნიშვნელოვან დანახარჯებს უკავშირდებოდა, მაგრამ კახა კალაძის გუნდმა ეს შეძლო და დღეს უკვე თბილისს ჰყავს, ჯამში, 680 ერთეული, რომელიც უკვე ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას და მიმდინარეობს დამატებითი რაოდენობების – 180 ერთეული 8-მეტრიანი და 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა. გარდა ამისა, ჩვენ მოვახერხეთ 300 ერთეული მიკროავტობუსის ჩანაცვლება. დღეს უკვე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მოლაპარაკებები დასრულდა, ხელმოწერილია ხელშეკრულებები კომპანიასთანაც და საბანკო დაწესებულებებთანაც. უკვე შესყიდულია 700 ერთეული, რომლითაც სრულად ჩანაცვლდება მიკროავტობუსების პარკი და ეს პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქმედ გადახდის ერთიან სისტემას 2021 წლის 1 აპრილიდან დაემატა ინტეგრირებულ ქსელში ჩართული ახალი მიკროავტობუსები და ამოქმედდა 90 წუთიანი უფასო გადაჯდომის წესი და ამოქმედდა საბანკო ბარათებით გადახდა, რაც კიდევ უფრო ამარტივებს და კომფორტულს ხდის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას. ანგარიშის წარდგენაზე საუბარი შეეხო ტაქსის რეფორმასაც, რომელიც 2018 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო. 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა ფერისა და მანათობლის სტანდარტი. მანათობლები ტაქსის მძღოლებს უფასოდ დაურიგდათ, ფერის სტანდარტის დაკმაყოფილების მიზნით კი, მერიამ დააწესა უფასო ვაუჩერი. გარდა ამისა, სატრანსპორტო საშუალებების მოსაწესრიგებლად მძღოლებს ქიმიური წმენდის უფასო ვაუჩერები გადაეცათ. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, რეფორმას შემდეგი ეტაპებიც დაემატება.

„ამ მიმართულებით რეფორმა დასრულებული არ არის. იქნება შემდეგი ეტაპები, რაზეც ინფორმაციას მოგვიანებით მივაწვდით საზოგადოებასა და ტაქსის მძღოლებს, რათა ეს სერვისი და მიმართულება, რომლითაც ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს იყოს გამართული და მოწესრიგებული. ავტომობილები იყოს სუფთა, რომ ადამიანს სიამოვნებდეს ტაქსით მგზავრობა დედაქალაქში. სწორედ ამიტომ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს მომავალში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის პარკირების მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.
მისი თქმით, 2018 წლიდან „სითი პარკის“ ნაცვლად პარკირების ოპერატორის ფუნქცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გადაეცა, ხოლო ზოგიერთ ქუჩაზე ამოქმედდა ზონალურ-საათობრივი პარკირება. ზონალურ საათობრივი პარკირების მიზანია: პარკირების ადგილებზე ვიზიტორთათვის პარკირების გამარტივება; ქუჩის მცხოვრებთათვის საპარკინგე ადგილებზე წვდომის გაუმჯობესება და საპარკინგე ზონებში სატრანსპორტო ნაკადების შემცირება. ზონალური პარკირების ფარგლებში ჯამში განისაზღვრა 4 687 საპარკინგე ადგილი. ზონალური პარკირება უფასოა ადგილობრივ მცხოვრებთათვის, შშმ პირებისთვის და ელექტრომობილებისთვის. როგორც ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგიროს აღდგენა-მშენებლობაზე სატენდერო პროცედურები დასრულებულია და უახლოეს მომავალში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. მისივე თქმით, სამშენებლო სამუშაოები 22 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

„ყველა პრობლემური საკითხი, რომელიც წლების განმავლობაში ხელს უშლიდა ამის გადაწყვეტას, უკვე დახურულია. ძალიან მალე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები, რომელიც 22 თვის განმავლობაში დასრულდება. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია საბაგირო დერეფნები, რომელიც გენერალური გეგმით დადგინდა. ეს არის სარაჯიშვილი-ზღვისუბნის საბაგირო დერეფანი 2,5 კმ სიგრძით და ისანი-მეტრომშენი-ვაზისუბნის საბაგირო დერეფანი 3 კმ სიგრძით. ორივე დერეფნის მეშვეობით დღის განმავლობაში შესაძლებელი იქნება 48 000 მგზავრობა. პროექტის განხორციელებას დედაქალაქის მერია საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით უზრუნველყოფს“, – განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.

როგორც ანგარიშის წარდგენაზე ითქვა, მომდევნო 1 წლის განმავლობაში თბილისს 100 ერთეული ელექტროდამტენი დაემატება.

„ელექტრომობილების ხელშეწყობის მიზნით, მერიამ ახალი პროექტი წამოიწყო. ეს არის მოთხოვნის საფუძველზე ელექტროდამტენების მონტაჟი. 38 ლოკაციაზე მერიამ უკვე უზრუნველყო ელექტროდამტენების დამონტაჟება. დღეს მიმდინარეობს სატენდერო პროცედურა და მომდევნო 1 წლის განმავლობაში, დამატებით 100 ერთეული ელექტროდამტენი დამონტაჟდება“, – განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.

ღონისძიების დასასრულს დედაქალაქის მერი კიდევ ერთხელ შეეხო ტრანსპორტის რეფორმის განხორციელების პროცესში გადაწყვეტილებების მიღების პროცესს. მისი თქმით, რეფორმის დაწყებამდე კონსულტაციები უცხოელ სპეციალისტებთან გაიარეს.

„როდესაც ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ ამ რეფორმის დაწყებასთან დაკავშირებით, შეხვედრა გვქონდა უცხოელ სპეციალისტებთან. პირველი კითხვა, რაც დასვეს, იყო ის, ვიყავით თუ არა მზად იმისთვის, რომ ეს რეფორმა განგვეხორციელებინა, რადგან მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ამ რეფორმის განხორციელებას შეიძლება მოჰყოლოდა მოქალაქეების გარკვეული ჯგუფების განაწყენება. მეორე კითხვა იყო, თუ ვიყავით მზად იმისთვის, რომ რეფორმის განხორციელების დროს პოლიტიკა არ შემოგვეტანა. როდესაც პოლიტიკა შემოდის ასეთი გადაწყვეტილებების დროს, რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში ხდება უკან დახევა, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და გადავდგით ეს ნაბიჯი. გავრისკეთ, რომ წამოგვეწყო ეს მნიშვნელოვანი რეფორმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა დედაქალაქის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„„მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მოსახლობას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ჩვენ, პირადად მე, ჩემი თანაგუნდელები ამ მხარდაჭერას ვგრძნობთ ყოველდღიურ რეჟიმში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დასაფასებელია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ქალაქი საცხოვრებლად ყველაზე კომფორტული, ყველაზე მწვანე იყოს, გამართული ინფრასტრუქტურით, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ერთიანი ძალისხმევით ყველაფერს გავაკეთებთ, არაფერს დავაკლებთ ამ ქალაქს, რომ ეს მიმართულებები მაქსიმალურად მოვაწესრიგოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშს ესწრებოდნენ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის, დედაქალაქის მერიისა და საკრებულოს წევრები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, როგორც უცხოელი, ასევე ქართველი დარგის სპეციალისტები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0