ფარული მიყურადება გამოყენებულია, როგორც პოლიტიკური მართვისა და დევნის მექანიზმი

26/12/2016

ამ ქვეყანაში ფარული მიყურადება დამკვიდრებულია როგორც პოლიტიკური მართვის და დევნის მექანიზმი, ამიტომ გვჭირდება ძალიან მკაცრი მიდგომა, – ამის შესახებ ანა დოლიძემ მოსმენების კანონის შეცვლის კომენტირებისას განაცხადა. როგორც ცნობილია არასამთავრობოები პარლამენტს მიმართავენ რეკომედაციით, რომ მოსმენების „გასაღები“ დამოუკიდებელი სააგენტოს ხელში გადავიდეს. როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, პრეზიდენტმა კანონპროექტს თავის დროზე დაადო ვეტო, რომელიც წინა პარლამენტმა არგუმენტების გარეშე გადალახა, თუმცა მოსაზრებები გამეორდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

„მთელი ამ პერიპეტიების და მითითებების არსი მდგომარეობს შემდეგში, საქართველო არ არის ერთი ჩვეულებრივი ევროპული, ლიბერალურ-დემოკრატიული ქვეყანა, სადაც დიდი ხანია არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტები. საქართველოში გვაქვს საკმაოდ მძიმე ისტორია ამ მხრივ, მოსმენა და მიყურადება გამოიყენებოდა როგორც პოლიტიკური დევნისა და შანტაჟის ინსტრუმენტი, შესაბამისად, ჩვენ არ ვიწყებთ ამ საკითხზე მუშაობას სუფთა ფურცლიდან, ჩვენ გვჭირდება მკაცრი მიდგომა და ყველა იმ ბერკეტის გამოყენება, რომ შევძლოთ და მსგავსი ისტორიის გამოყენება თავიდან ავიცილოთ“, – განაცხადა დოლიძემ.

დოლიძე ვარაუდობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი დეტალი დაზუსტდება. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ისიც გაიხსენა, რომ ქვეყნის პირველ პირს შენიშვნები უკვე აქვს გადაგზავნილი პარლამენტში ამ კანონპროექტთან დაკავშირებით.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მთავარი ფასეულობა. ჩვენ გამოვდივართ კონკრეტული ისტორიიდან და ეს ისტორია არის ის, რომ ფარული მიყურადება ამ ქვეყანაში გამოყენებულია, როგორც პოლიტიკური მართვის და დევნის მექანიზმი, ამიტომ გვჭირდება მკაცრი მიდგომა, მკაცრი ჩარჩოები, რომ ამ ისტორიის გამეორება არ მოხდეს თავიდან“, – განაცხადა დოლიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0