ფაროს კონვენციის იმპლემენტაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

03/10/2017

კულტურის სამინისტროში, ფაროს კონვენციის იმპლემენტაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს გააცნეს კონვენციის მიზნები და პრინციპები.
ვორქშოპს დაესწრნენ, როგორც კონვენციის წევრი სახელმწიფოების, ასევე დამკვირვებელი ქვეყნების წარმომადგენლები და ექსპერტები (სომხეთი, ბელორუსი, უკრაინა, ლიტვა, მოლდოვა, პოლონეთი, კვიპროსი, ბელგია, საფრანგეთი, იტალია). ღონისძიებას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ფაროს კონვენცია წარმოადგენს ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციას საზოგადოებისთვის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის შესახებ. საქართველო კონვენციას 2011 წელს შეუერთდა.
ფაროს კონვენციის ლაბორატორიები (ვორქშოპები) ეწყობა სხვადასხვა წევრ სახელმწიფოებში ფაროს პრინციპებისა და მათი განხორციელების საკითხებზე მსჯელობისა და კონვენციის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის. ვორქშოპები, ასევე, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ფაროს კონვენციის ქსელის გაფართოებას და უნარების გაძლიერებას კონვენციის ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე განხორციელებისთვის.
საქართველოში, ფაროს კონვენციის ფარგლებში, პირველად იმართება საერთაშორისო ვორქშოპი. ღონისძიება მომზადდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანაორგანიზებით.
ფაროს ლაბორატორიის მასპინძელია სოფელი მაჩხაანი და ადგილობრივი თემი, რომელიც მაჩხაანის თეატრის გადარჩენისა და რეაბილიტაციის მიზნით, სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს. ლაბორატორია იმართება თბილისსა და მაჩხაანში 2-5 ოქტომბერს. ვორქშოპის თემაა „ფაროს კონვენციის მიდგომა და დემოკრატიული სოციო-ეკონომიკური მოდელები ადგილობრივი თემების ჩართულობისთვის“. სესიებზე განხილულ იქნება ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, ადგილობრივ თემსა და სხვა აქტორებს შორის თანამშრომლობის საკითხები და დემოკრატიული სოციო-ეკონომიკური მოდელები ადგილობრივი თემის ჩართულობისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0