უხვი ნალექის შედეგად, დედაქალაქში 300-მდე მისამართზე ინფრასტრუქტურა დაზიანდა

06/09/2023

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 29 აგვისტოს თბილისში მოსული უხვი ნალექის შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, მერიის ცხელი ხაზი, გამგეობებისა და საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ.

„29 აგვისტოს მოსულმა უხვმა ნალექმა ძალიან დიდი პრობლემა შექმნა დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში, კონკრეტულ უბნებში. როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, ამ სამ საათში მოსულმა ნალექმა, მოცულობით მინიმუმ ორჯერ გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს მოსულ ნალექს. სტიქიის შედეგად დაზიანდა სახურავები, სადარბაზოები, შლამით გადაივსო სანიაღვრე და წყალარინების ქსელები, ასევე, დაზიანდა გრუნტის დამჭერი კედლები, განსაკუთრებით ნაძალადევის რაიონში. რამდენიმე კერძო სახლიდან, მათი ავარიულობის გამო, გავიყვანეთ ადგილობრივი მცხოვრებლები.
მთელი ღამის განმავლობაში, ჩვენი სამსახურების, გამგეობების წარმომადგენლები მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ დახმარებოდნენ ყველა იმ ადამიანს, ვისაც პრობლემა შეექმნა. 29 აგვისტოს 21:00 საათიდან 30 აგვისტოს დღის ბოლომდე, უამინდობასთან დაკავშირებით, ცხელ ხაზზე 600-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა. არცერთი შეტყობინება რეაგირების გარეშე არ დაგვიტოვებია. ყველგან ვიყავით მისული და შევაფასეთ არსებული მდგომარეობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, უხვი ნალექის შედეგად, 300-მდე მისამართზე ინფრასტრუქტურა დაზიანდა და უახლოეს პერიოდში ყველაფერი მოწესრიგდება და აღდგება.

„უხვი ნალექის შედეგად, დედაქალაქში 300-მდე მისამართზე ინფრასტრუქტურა დაზიანდა. რაიონების მიხედვით, დაზიანებული ობიექტები განაწილდა შემდეგნაირად: გლდანი – 136; ნაძალადევი – 114; საბურთალო – 92; ვაკე – 78; სამგორი – 65; დიდუბე – 49; ისანი – 30; მთაწმინდა – 24; კრწანისი – 19; ჩუღურეთი – 19.
საჭიროა ჩვენი მხრიდან ჩართულობა, მოწესრიგება, კონკრეტული პროექტების განხორციელება. თანხები უკვე გამოყოფილია და ყველაფერი მოწესრიგდება. დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოყოფილია თანხები. გამგეობებისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში დაიწყებენ მუშაობას“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ აღმაშენებლის გამზირზე არსებული 50-მდე კაფეს უნებართვო კონსტრუქციის დემონტაჟი უკვე განხორციელდა. მისი თქმით, 14 კაფეს აქვს მოქმედი საიჯარო ხელშეკრულება, ხოლო შვიდ ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსგან კანონით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე თანხმობა აქვს მიღებული.

„აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ღია კაფეების მეპატრონეებს დაკავებული ტერიტორიის გათავისუფლება და მოწესრიგება დავავალეთ, რისთვისაც გონივრული ვადაც მივეცით. როგორც გახსოვთ, მათ პანდემიის პერიოდში, გამომდინარე იქიდან, რომ დახურულ სივრცეში მეტი იყო ვირუსის გავრცელების რისკი, უფლება მივეცით, მაგიდები გარე ტერიტორიაზე განეთავსებინათ, თუმცა სარისკო პერიოდმა გადაიარა და დროა, ფეხითმოსიარულეთათვის განკუთვნილი ტერიტორია მოწესრიგდეს. გამზირზე არსებული ვითარება სახანძრო თუ სასწრაფო დახმარების მანქანებს გადაადგილებაში უშლიდა ხელს, რაც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა საზოგადოებას წარუდგინა ფოტომასალა, როგორ გამოიყურებოდა აღნიშნული სივრცე დემონტაჟამდე და ამჟამად რა მდგომარეობაა ტერიტორიაზე.

„ამ ეტაპზე, გამზირზე არსებული იმ კაფეების მაგიდები და სკამები, რომლებიც სანებართვო პირობებით გათვალისწინებულ ნორმებს იცავენ, შეზღუდულ არეალშია განთავსებული, რომელიც არ ზღუდავს როგორც ფეხით მოსიარულეების, ასევე, სახანძრო ან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. მუნიციპალიტეტისგან შესაბამის ნებართვას ყველა მოქმედი ობიექტი მიიღებს, თუ დააკმაყოფილებენ კანონით დადგენილ კრიტერიუმებს. კერძოდ, ღია საკვები ობიექტის დიზაინი უნდა იყოს სადა და ისტორიული თბილისის იერსახის შესაფერისი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა კაფეების მეპატრონეებს თანამშრომლობისთვის, ხოლო მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, აღნიშნული კაფეების მეპატრონეებს თანამშრომლობისა და ტერიტორიის მოწესრიგებისთვის მადლობა გადავუხადო. არანაირი ძალის გამოყენება არ გახდა საჭირო. მიხარია, როგორც დედაქალაქის მერს, რომ არსებობს ნდობა ჩვენს შორის. აქვე გიდასტურებთ მზაობას, დაგეხმარებით, რომ ყველაფერი სწორად და კანონიერად გავაკეთოთ, ასევე, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს ვუხდი მადლობას სამუშაოსთვის, რაც გასწიეს აღნიშნული სივრცის მოსაწესრიგებლად“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ნარჩენების განთავსების არსებულ წესზე და ამ მხრივ, დედაქალაქში არსებულ პრობლემაზეც ისაუბრა.
მისი განცხადებით, ნაგავშემკრებ კონტეინერებში აკრძალული ნარჩენის მოთავსება და ამის შედეგად ურნების დაზიანება ქალაქში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალაც სწორედ ასეთ ფაქტს ასახავს.

„რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ჭავჭავაძის გამზირზე არსებული გადავსებული ურნების ამსახველი ვიდეომასალა. ეს არის „პიქსელის“ მიმდებარე ტერიტორია, სადაც ერთ-ერთი დიდი სუპერმარკეტია განთავსებული. სწორედ ამ მარკეტიდან გამოტანილი ნაგავი იყო ურნებში ჩატენილი. ერთ-ერთმა მოქალაქემ გადაიღო ვიდეო და გამოხატა უკმაყოფილება. ამ ადამიანის აბსოლუტურად მესმის და ზოგადად ვიზიარებ მათ პოზიციას, ვისაც ჩვენს ქალაქზე გული შესტკივა. ნაგავშემკრებ კონტეინერებში აკრძალული ნარჩენის მოთავსება და ამის შედეგად ურნების, ასევე, სპეცმანქანების დაზიანება დედაქალაქში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან კომერციული ობიექტების წარმომადგენლები და ასევე, მოქალაქეები კონტეინერებში და მის მიმდებარედ ათავსებენ: დაუშლელ მდგომარეობაში მუყაოს ყუთებსა და სხვა შეფუთვის ნარჩენს, სამშენებლო ნარჩენს, ავტომობილის მეორად ნაწილებსა და ზეთებს, საწარმოო ნარჩენს, ჩამოწერილ პროდუქტებს, ასევე, დიდგაბარიტიან ნარჩენს, როგორიცაა ძველი ავეჯი და ა.შ. ამ ყველაფრის მოთავსება საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილ ურნებში (ასევე, მიმდებარედ) აკრძალულია და წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა წარმოადგინა ფოტომასალა და აღნიშნა, რომ ვაკეში, სადაც მიწისქვეშა ურნებია განთავსებული, საკეტების მიზანმიმართულად დაზიანების ფაქტებიც ფიქსირდება.

„საზოგადოებას მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი „ნარჩენების მართვის წესი“ და მომხმარებელთა უფლება-მოვალეობები, რომლის თანახმადაც, „მომხმარებლები ვალდებულნი არიან ნარჩენები ისე განათავსონ კონტეინერებში, რომ არ მოხდეს მათი გადავსება, ხოლო გადავსების შემთხვევაში, ნარჩენები განათავსონ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კონტეინერებში. დაუშვებელია ნარჩენების ჩატენა, ჩაწნეხა და დაწვა სათავსში. დაუშვებელია ალმოდებული ნარჩენების, სითხეების და ისეთი ნივთების ჩასხმა/ჩაყრა, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს ან უჩვეულოდ დააბინძუროს ის. სათავსი უნდა შეივსოს ისე, რომ სახურავი მჭიდროდ დაეხუროს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კომპანიების წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს მოუწოდა, ნარჩენები კანონით დადგენილი წესით განათავსონ.

„კომპანიების წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს მოვუწოდებ, ნარჩენები კანონით დადგენილი წესის მიხედვით განათავსონ, ნუ დავაბინძურებთ გარემოს და ყველა ერთად გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს. ასევე, გეტყვით, რომ გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტი, სადაც შესაძლებელია სამშენებლო/ინერტული ნარჩენის (ასევე, ძველი ავეჯის) კანონიერად განთავსება. ტარიფები ხელმისაწვდომია მოქალაქეებისთვისაც. ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს „თბილსერვის ჯგუფთან“ შეუძლია ხელშეკრულების გაფორმება და ნარჩენების გატანის კუთხით, დამატებითი მომსახურების მიღება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ თუ კონკრეტული სუპერმარკეტები არ ითანამშრომლებენ „თბილსერვის ჯგუფთან“ და ნარჩენებს კვლავ საყოფაცხოვრებო ნაგვისთვის განკუთვნილ ურნებში მოათავსებენ, ამაზე შესაბამისი რეაგირება მოხდეს და სანქციები გამკაცრდეს.

„მინდა, მივმართო ყველა იმ მაღაზიათა ქსელს, რომელიც არ თანამშრომლობს ჩვენთან და ნარჩენებს მიზანმიმართულად ათავსებს საყოფაცხოვრებო ნარჩენისთვის გამოყოფილ ურნაში: სწორედ ეს ქმნის უდიდეს პრობლემას – ხდება ურნების გადავსება, დაზიანება. მესმის, ეს თქვენი ბიზნესია, არავინ ხელს არ გიშლით, გყავთ დასაქმებული ადამიანები, მაგრამ თქვენი ბიზნესის კეთებით გარემო არ უნდა დააბინძუროთ და მოქალაქეებს არ უნდა შეუქმნათ პრობლემები. დღეს სპეციალურად არ ვასახელებ იმ კონკრეტულ სუპერმარკეტებს, რომლებიც ქალაქში მსგავს პრობლემას ქმნიან. გეძლევათ გონივრული ვადა იმისთვის, რომ „თბილსერვისთან“ გააფორმოთ ხელშეკრულება, არც თქვენ შეგექმნათ პრობლემა და არც ამ ქალაქში მცხოვრებლებს. ჩვენი თხოვნა და მოთხოვნაა, სისუფთავის და წესრიგის დაცვა კანონის ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვავალებ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ ვინაიდან, ამ ეტაპზე „თბილსერვის ჯგუფს“ დაჯარიმების უფლება არ აქვს, დაიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა. თუ საჭირო გახდება, ჩართეთ მუნიციპალური ინსპექცია, გაამკაცრეთ და გაზარდეთ ჯარიმები“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

გარდა ამისა, კახა კალაძე თბილისის საკრებულოში წარდგენილი განაშენიანების რეგულირების გეგმის ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპოზიცია მიზანმიმართულად ცდილობს აღნიშნული მიმართულების დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

„ე.წ. ოპოზიცია ახორციელებს კამპანიას, თითქოს მშენებლობა და განვითარება ერთგვარი დანაშაულია. თან ამას ამბობენ ადამიანები, რომელთა დამსახურებაა ყველა ის უბედურება, რაც კი ქალაქს დაემართა. დედაქალაქის განვითარება განაშენიანების რეგულირების გენერალური გეგმის მიხედვით ხდება. შესაბამისად, გენერალური გეგმის ერთ-ერთი კომპონენტი ქალაქის ცენტრში არსებული სივრცეებია, რომლებიც ცარიელია და უნდა განვითარდეს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს, ყველა პროექტთან დაკავშირებით, რომელიც საკრებულოში იყო წარდგენილი, რა მოთხოვნები და ვალდებულებებია გაწერილი, მაგრამ ეს არავის აინტერესებს. მხოლოდ პოლიტიკური ნარატივია, რომ მშენებლობა ცუდია, დანაშაულია და ა.შ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თმით, დედაქალაქის ხელისუფლება ბიზნესის წარმომადგენლებს პარტიული კუთვნილების მიხედვით არ არჩევს.

„არის ნარატივი, რომ კონკრეტული სამშენებლო კომპანიები პარტია „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან და როგორ შეიძლება მისმა მხარდამჭერებმა აღნიშნული პროექტები განახორციელონ. ეს „ნაცური“ ნარატივი, უფრო სწორად, ლიბერალიზმით შენიღბული ფაშიზმია, რომელიც, სამწუხაროდ, ქვეყანაში გვაქვს. საბა ბუაძის ლოგიკით, უნდა გავუშვათ ჩვენი შესაბამისი სამსახურები მამუკა ხაზარაძესთან, რომელსაც დიდი ბიზნესი აქვს ამ მიმართულებით და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიების განაშენიანებას კანონიერად ახორციელებს, უნდა ჩამოვართვათ ყველაფერი. ეს არის საბა ბუაძისეული აზროვნება. არ იფიქროთ, დანარჩენებს მასზე მეტი გონებრივი შესაძლებლობა ჰქონდეს. ყველა ერთნაირია. როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, ეს დამოკიდებულება ჰქონდათ. ვერც იაზრებთ, რატომ ხართ იქ, სადაც ხართ. მერწმუნეთ, ასე იქნებით მანამ, სანამ სწორ ანალიზს არ გააკეთებთ, თუ რა უბედურება მოუტანეთ ხალხს. დღეს კი იმყოფებით ოპოზიციაში და საზოგადოებას აჩვენებთ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, სამშენებლო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს.

„ჩვენ არ და ვერ გავაჩერებთ ქალაქის აღმშენებლობას, მაგრამ ამას არ გავაკეთებთ ისე, როგორც აკეთებდით თქვენ. საუკეთესო მაგალითი იმისა, როგორ არ უნდა მოექცე საკუთარ ქალაქს არის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია. ასეთი ბევრი მაგალითი არსებობს. თქვენ მიერ გასხვისებული სკვერების, სპორტული მოედნების გამოსყიდვა მუნიციპალიტეტს უზარმაზარი თანხები უჯდება. ის, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ორნიშნა რიცხვით იყო, ამაში სამშენებლო სექტორს დიდი როლი აქვს, ზუსტად ამას ებრძვიან ისინი. საკრებულოს იმ წევრებს კი, რომლებმაც წარდგენილ პროექტებს მხარი დაუჭირეს, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კიდევ ერთი სიახლე, რაზეც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება გამახვილდა, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოებ მშენებლობაზე ჯარიმების გაზრდაზე შემუშავებული კანონპროექტია. თბილისის მერის განმარტებით, კანონპროექტის თანახმად, ჯარიმები I და II კლასის შემთხვევაში, დაახლოებით, 3-ჯერ, ხოლო IV და V კლასის შემთხვევაში, 5-ჯერ იზრდება.

„2017 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ადგილობრივ ხელისუფლებაში, მაშინვე დავიწყეთ ზრუნვა ამ მიმართულებით. გავამკაცრეთ რეგულაციები და ჯარიმები, რაც მტკივნეული იყო, მაგრამ ამის გარეშე შეუძლებელია. ჩვენ ბიზნესს არ ვეწინააღმდეგებით, პირიქით, ხელს ვუწყობთ, მაგრამ ქალაქის იერსახის, ისტორიული ძეგლების განადგურების ხარჯზე ამას ვერ და არ დავუშვებთ. 2018 წელსვე მივმართეთ პარლამენტს კანონპროექტით და, დაახლოებით, 3-4-ჯერ, ხოლო რიგ შემთხვევებში, 10-ჯერაც კი გავზარდეთ სანქციები. უფრო მეტიც, მოგვიანებით კვლავ მივმართეთ პარლამენტს კანონპროექტით და მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების განმეორებით შეუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაული გახდა. მიუხედავად ამისა, დაწესებული სანქციები, რიგ შემთხვევებში, მაინც ვერ აღმოჩნდა შემაკავებელი ბერკეტი ზოგიერთი მშენებელი კომპანიისთვის და მსგავსი ტიპის სამართალდარღვევებს, სამწუხაროდ, კვლავ ვაწყდებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ რომ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სამშენებლო სამართალდარღვევებზე სანქციები გამკაცრდეს. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს პარლამენტთან, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. მოვამზადეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობისთვის ჯარიმების გაზრდას – I და II კლასის შემთხვევაში, დაახლოებით, 3-ჯერ, ხოლო IV და V კლასის შემთხვევაში, 5-ჯერ გაზრდას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით განსაზღვრული ჯარიმების ზუსტი ოდენობები დაასახელა და იმედი გამოთქვა, რომ საკანონმდებლო ორგანო ადგილობრივი მთავრობის ინიციირებულ ამ მნიშვნელოვან კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

„ა) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – I და II კლასის მშენებლობის შემთხვევაში, 8 000 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს ჯარიმას 24 000 ლარის ოდენობით;
III და IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ან III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისთვის ჯარიმა 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 100 000 ლარი.
ბ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – I კლასის მშენებლობისთვის გამოიწვევს ჯარიმას 24 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად, აქამდე არსებული 8 000 ლარისა;
სხვა კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის კი, ჯარიმა 25 000 ლარის ნაცვლად, გახდება 125 000 ლარი.
გ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის – I კლასის შემთხვევაში, სამართალდამრღვევი პირები 2 000 ლარის ნაცვლად, 6 000 ლარით დაჯარიმდებიან;
II კლასის შემთხვევაში, ჯარიმა 4 000 ლარის ნაცვლად, იქნება 12 000 ლარი;
III კლასის შემთხვევაში, 10 000 ლარის ნაცვლად, ჯარიმას 50 000 ლარის ოდენობით გამოიწვევს;
IV კლასის შემთხვევაში, ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 75 000 ლარი.
აღნიშნულ კანონპროექტს განსახილველად პარლამენტს გადავუგზავნით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მას ექნება მხარდაჭერა, რადგან ქალაქისთვის ზრუნვა მნიშვნელოვანია. გვაქვს სამშენებლო დარღვევების კონკრეტული შემთხვევები, რომლებიც მოსახლეობაში დიდ უკმაყოფილებას იწვევს. გვინდა, ყველა ერთად ვებრძოლოთ ამ პრობლემას. ჯარიმების გაზრდა გარკვეული პრევენციული მექანიზმი იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ახალგაზრდულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის მერია სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 6 სექტემბრიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღებას იწყებს.

„მინდა, მივმართო სტუდენტებს, ვინც ხვდებით აღნიშნულ პროგრამაში, იაქტიურეთ. დაფინანსების მისაღებად, თბილისის მერიაში სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია 30 ნოემბრის ჩათვლით. განცხადების შეტანა, ასევე, შესაძლებელია თბილისის რაიონული გამგეობების სერვისცენტრებში ან ელექტრონულ პლატფორმაზე www.ms.gov.ge. საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი და სხვა დეტალური ინფორმაცია თბილისის მერიის ვებგვერდზე განთავსდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერიის ინიციატივით, იწყება ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების დაფინანსების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, დაფინანსდება როგორც პროდუქციის, ასევე, სხვადასხვა სფეროს მიმართულებით სერვისების შექმნა. მისი თქმით, პროექტების განხორციელების პროცესში ახალგაზრდები დასაქმდებიან და ძირითადი მომხმარებლები თავადვე იქნებიან.

„პროგრამის მიზანია, სამეწარმეო უნარების მქონე ახალგაზრდების ინოვაციური და შემოქმედებითი იდეების რეალიზება; ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება, მათი დასაქმების ხელშეწყობა; ახალგაზრდებზე ორიენტირებული სერვისების შექმნის მხარდაჭერა; ახალგაზრდული ჯგუფებისა და ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობა და მათი გაძლიერება. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 250 000 ლარს, ხოლო თითოეული პროექტის განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტისგან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 40 000 ლარს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, პროექტების მიღება დაიწყება 6 სექტემბერს და 27 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0