ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, „მწვანე პასპორტის” კონცეფცია და ვაქცინაციის წამახალისებელი სხვა ღონისძიებები განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში დღეს მონაწილეობდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. საბჭომ იმსჯელა ვაქცინაციის პროგრამის კიდევ უფრო გაფართოების შესაძლებლობაზე. გაგრძელდება აქტიური საინფორმაციო კამპანია და მარათონი, რომელიც სხვადასხვა რეგიონში მობილური ბრიგადების ჩასვლას და აცრის მსურველი მოქალაქეებისთვის სერვისის ადგილზე მიწოდებას გულისხმობს.
საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა განიხილეს „მწვანე პასპორტის” გამოყენებასთან დაკავშირებული წინადადებები, რომელთა შესახებ დეტალური მსჯელობა გაიმართება და მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით საბჭოს სხდომა დამატებით ჩაინიშნება. ეპიდემიოლოგებმა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ხალხმრავალი შეკრებების თავიდან აცილების მნიშვნელობას, რაც ვირუსის გავრცელების ერთ-ერთ ბუსტერად არის მიჩნეული. ასევე, განსაკუთრებით აღინიშნა სოციალური დისტანციის დაცვისა და პირბადის გამოყენების ეფექტურობა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 738 171 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 678 288 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 10 238 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 37 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 1 159 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 6 648 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი.
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია და ვაქცინაციის წამახალისებელი სხვა ღონისძიებები განიხილა
04/11/2021