უწყებათაშორისმა კომისიამ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის მერვე სხდომა გამართა. სხდომას უძღვებოდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. ღონისძიებას ესწრებოდნენ კომისიის წევრები − აღმასრულებელი ხელისუფლების, საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კომისიამ საარჩევნო სუბიექტების მიერ შემოტანილ განცხადებებსა და მედიამონიტორინგის შედეგად მიღებულ რამდენიმე საკითხზე იმსჯელა. უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ სხდომაზე შესაძლო დარღვევების შესახებ ისაუბრა.
„მას შემდეგ, რაც ჩვენ მუშაობა დავიწყეთ, 24 განცხადება იქნა შემოტანილი რეაგირებისათვის, ასევე, განვიხილეთ რამდენიმე ათეული განცხადება, რომლებზეც ოფიციალურად არავინ მოგვმართა, მაგრამ ჩვენვე ვნახეთ მედიამონიტორინგის შედეგად ინფორმაცია და საჭიროდ მივიჩნიეთ მათი განხილვა. აქედან მხოლოდ 4 შემთხვევა ეხებოდა შესაძლო ძალადობრივ ქმედებას, რაც რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია, მაგრამ ეს ოთხი შემთხვევაც ჩვენთვის არის დიდი ციფრი, რადგან ჩვენი მიზანია, წინასაარჩევნო კამპანია სრულად თავისუფალი იყოს ძალადობისა და ვერბალური აგრესიისგან“, − განაცხადა თეა წულუკიანმა და შს სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლებს ამ საკითხების ირგვლივ ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის მიწოდება სთხოვა.
უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ ისაუბრა, აგრეთვე, სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დღეს ცესკო-თვის ამომრჩეველთა სიების გადაცემის შესახებ, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი. მინისტრის თქმით, მონაცემთა ბაზაში 3 558 437 პოტენციური ამომრჩევლის მონაცემია.
„ეს არის პოტენციური ამომრჩევლების რაოდენობა, რადგან არაერთი მათგანი შეიძლება იყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ან კიდევ ცხოვრობდეს საზღვარგარეთ. ჩვენ გვახსოვს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი აქტივობა იყო 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებზე და მაშინ საარჩევნო ყუთებთან 2 600 000-მდე ამომრჩეველი მივიდა“, − თქვა თეა წულუკიანმა. მინისტრმა აღნიშნა, რომ თავიანთ მონაცემებს ცესკო-ს პენიტენციური სისტემა და თავდაცვის სამინისტროც მიაწვდიან.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა, უფასო პირადობის მოწმობების აქცია იყო:
„გაზაფხულიდან ელექტრონულ პირადობის მოწმობებზე მიმდინარეობს აქცია იმ ადამიანებისათვის, ვისაც არ აქვს პირადობის დამადასტურებელი არცერთი მოწმობა, ან აქვს ისეთი პირადობა, რომლის ფოტოსურათითაც მოქალაქეების იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება. აქციით დღეისათვის უკვე ისარგებლა 100 000-მდე მოქალაქემ, მაგრამ ვინაიდან ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლოა, იყვნენ მოქალაქეები, რომელთა პირადობის მოწმობებსაც 28 ოქტომბრის შემდეგ რამდენიმე დღეში გაუვა ვადა და თუ არჩევნების მეორე ტური გახდა საჭირო, მათ დასჭირდებათ ახალი პირადობის მოწმობა. ამიტომაც, ჩემ მიერ გამოცემული იქნა ბრძანება და მიმდინარე აქცია პირველი ნოემბრის ნაცვლად დასრულდება 31 დეკემბერს.“ − აღნიშნა უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ.
კომისიამ შესაძლო საარჩევნო დარღვევებზე და მათზე რეაგირების შესახებ მოისმინა ინფორმაცია:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის სააგიტაციო მასალის არამართლზომიერ განთავსებასთან დაკავშირებით ახალქალაქში შოთა რუსთაველის ძეგლზე და „შენების მოძრაობისათვის“ დმანისში საარჩევნო მიზნებისათვის საოფისე ფართის მიქირავებაზე უარის თქმის თაობაზე, რის მიზეზადაც პოლიტიკური პარტია მესაკუთრეზე შესაძლო მუქარას მიიჩნევდა. ამ კონკრეტულ საკითხზე კომისიის თავმჯდომარემ შესაბამის უწყებებს უფრო აქტიური რეაგირებისა და გამოკითხვების გაგრძელებისკენ მოუწოდა.
სხდომაზე განიხილეს, აგრეთვე, ოპოზიციის კოალიციის „ძალა ერთობაშია“ წევრის თეონა ჭალიძის განცხადება ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის თაობაზე და მოუსმინეს მას. კომისიის თავმჯდომარემ მიმართა საგამოძიებო ორგანოებს, დროულად დაასრულონ მოწმეების გამოკითხვა, ექსპერტიზები და ფაქტების დადგენა, რათა მომავალი კვირის სხდომაზე, შესაბამისი ზომები გატარდეს ფიზიკური თუ ვერბალური აგრესიის შესაძლო ავტორებისადმი. აღსანიშნავია რომ კოალიციამ „ძალა ერთობაშია“ რამდენიმე ხნის წინ დატოვა უწყებათაშორისი კომისია, მაგრამ კვლავ დაუბრუნდა მას გასულ კვირაში ამ ფორმატს მსგავს ინციდენტებზე რეაგირების მიზნებიდან გამომდინარე, რასაც კომისია მიესალმა.
გარდა ამისა, დღესვე განხილვის საგანი იყო პრესაში გავრცელებული ინფორმაცია შესაძლო დარღვევების შესახებ და მოუსმინეს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა კომისიას ინფორმაცია მიაწოდა სამხედრო მოსამსახურეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხის შესახებ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელმა ისაუბრა გორის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მაღალჩინოსნის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის შესახებ საპროტესტო აქციის ერთ-ერთ მონაწილეზე. სხდომაზე მოუსმინეს, აგრეთვე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელს წინასაარჩევნო შემოწირულობებთან დაკავშირებით.
უწყებათაშორისი კომისია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე 2018 წლის 1 ივლისს შეიქმნა, როგორც ამას საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის კომისიის მიზანია წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვა, არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება.
კომისია უზრუნველყოფს უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციას და ხელს უწყობს დიალოგს საქართველოს მთავრობასა და არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის. უწყებათაშორისი კომისია ითანამშრომლებს საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან. კომისიის სხდომაზე საკითხის დაყენების უფლება აქვთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პოლიტიკურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციას თუ დამკვირვებელს. მედიის წარმომადგენლებს როგორც სხდომის დაწყების, ისე დასრულების შემდეგ საშუალება აქვთ, გაესაუბრონ მათთვის სასურველ რესპონდენტს. ამასთან, სხდომის ყველა ოქმი და რეკომენდაცია ღიაა და სხდომის დასრულების შემდეგ ქვეყნდება იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
კომისია საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე 2 კვირაში ერთხელ იკრიბებოდა, ხოლო რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ, 28 სექტემბრიდან − არანაკლებ კვირაში ერთხელ შეიკრიბება. კომისია განიხილავს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის ფაქტებს; იმსჯელებს იმ შესაძლო დარღვევების შესახებ, რომელთაც კომისიას მოაწვდიან პოლიტიკური გაერთიანებები (საარჩევნო სუბიექტები) ან დამკვირვებელი ორგანიზაციები.
თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნის ხელშეწყობისთვის კომისია შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საჯარო მოსამსახურეებისადმი, ადმინისტრაციული ორგანოებისადმი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისადმი და მიმართავს მათ შესაბამისი ღონისძიებების გონივრულ ვადაში გატარების მოთხოვნით.
უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შედიან სამინისტროების, მთავარი პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, თბილისის მერიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის, 2015 წლის შუალედური, 2016 წლის საპარლამენტო, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის და 2018 წლის შუალედური არჩევნების დროს აქტიურად მუშაობდა. აღნიშნული კომისიის მუშაობამ, რომელსაც ამ წლების განმავლობაში იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობდა, საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშებში მაღალი შეფასება დაიმსახურა.