2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ მე-9 სხდომა გამართა. სხდომას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვებოდა. შეხვედრაზე წინასაარჩევნო პერიოდში პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია განიხილეს და შესაძლო დარღვევებზე რეაგირების შესახებ მოისმინეს. იუსტიციის მინისტრი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის მინიჭების თაობაზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მიღწეულ პოლიტიკური შეთანხმებას გამოეხმაურა. თეა წულუკიანმა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მიულოცა ის წარმატება, რომელიც, მისი თქმით, მრავალი უწყების და, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროსა და მისი სამსახურების დაუღალავი შრომის შედეგია: „მადლობას ვუხდი ყველას, თითოეულ საჯარო მოხელეს, თითოეულ უწყებას, იუსტიციელებს, შს სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებთან ერთად ჩვენ ქვეყანაში პირველად გავმართეთ ეფექტური მიგრაციის მართვის სისტემა; ყველას, დაწყებული დიგიტალიზაციის სპეციალისტიდან, ვისთან ერთადაც ჩვენ ბიომეტრიული და უსაფრთხო დოკუმენტები შევქმენით და მილიონობით სააქტო ჩანაწერი გავაციფრულეთ, თუნდაც, ეს იყო ძალიან მძიმე შრომა; იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს – ამ სამინისტროში ასზე მეტი კანონი დაიწერა იმისათვის, რომ ვიზალიბერალიზაცია წარმატებით დასრულებულიყო; ჩვენს კოლეგებს უწყებათაშორის საბჭოებში; ეკონომიკის სამინისტროს; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და, რა თქმა უნდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მინდა, ვუთხრა დიდი მადლობა და მივულოცო ჩვენს ხალხს. მე მჯერა, რომ ახალგაზრდა თაობისათვის ამ მთავრობამ ძალიან დიდი საქმე გააკეთა. ეს ის თაობაა, რომელიც ევროპაში თავისუფლად ივლის და იქ შეძენილ გამოცდილებას ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის მშენებლობას მოახმარს“. იუსტიციის მინისტრი გუშინდელ ინციდენტსაც გამოეხმაურა და მას „სახელმწიფოსა და მსხვერპლთა წინააღმდეგ მიმართული დივერსია“ უწოდა. „მიუხედავად ამ სამწუხარო ინციდენტისა, 2016 წლის არჩევნები სტაბილურ და მშვიდობიან გარემოში ჩატარდება“, − განაცხადა თეა წულუკიანმა. უწყებათაშორისი კომისია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის იუსტიციის მინისტრის 29 ივნისის ბრძანებით შეიქმნა და მან პირველი სხდომა 13 ივლისს გამართა. სექტემბრიდან კომისიის სხდომები კვირაში ერთხელ ტარდება. უწყებათაშორისი კომისიის დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები (შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ფინანსთა; თავდაცვის; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის; განათლებისა და მეცნიერების; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები; აგრეთვე, მთავარი პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი), კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვეტს.
უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა
06/10/2016