უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

24/08/2016

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ დღეს მესამე სხდომა გამართა. სხდომას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი უძღვებოდა, რომელიც, ამავე დროს, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა. შეხვედრაზე გაეცნენ წინასაარჩევნო პერიოდის შესახებ პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებულ ინფორმაციას.
სხდომის მონაწილეებმა საქართველოს ფოსტის გენერალურ დირექტორ ლევან ჩიკვაიძეს მოუსმინეს. საქართველოს ფოსტამ საარჩევნო კომუნიკაციის ხელშეწყობისათვის საარჩევნო ტარიფის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.
კერძოდ, წინასაარჩევნო პერიოდში − 1-ლი სექტემბრიდან 1-ლ ნოემბრამდე − არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს საქართველოს ფოსტა სთავაზობს ექსკლუზიურ მომსახურებას − შეღავათიან ტარიფს.
შეთავაზებით სარგებლობა შეუძლია ყველა საარჩევნო ბლოკს, პარტიასა და მაჟორიტარ კანდიდატს. ამისათვის პოლიტიკურმა სუბიექტებმა საქართველოს ფოსტასთან შესაბამისი ხელშეკრულებები უნდა გააფორმონ.
აღსანიშნავია, რომ, სხვა საკითხებთან ერთად, პოლიტიკური სუბიექტებისათვის საფოსტო მომსახურების ტარიფის გაზრდის საკითხი უწყებათაშორისი კომისიის წინა სხდომაზე დაისვა.
უწყებათაშორისი კომისია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის იუსტიციის მინისტრის 29 ივნისის ბრძანებით შეიქმნა და მან პირველი სხდომა 13 ივლისს გამართა. დღემდე კომისია ორ კვირაში ერთხელ იკრიბებოდა, სექტემბრიდან კი სხდომები კვირაში ერთხელ ჩატარდება.
უწყებათაშორისი კომისიის დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები (შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ფინანსთა; თავდაცვის; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის; განათლებისა და მეცნიერების; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები; აგრეთვე, მთავარი პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი), კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვეტს.
უწყებათაშორისი კომისია 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების პერიოდშიც ფუნქციონირებდა. კომისია შეიქმნა 2015 წლის შუალედური არჩევნებისთვისაც. საერთო ჯამში, სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად კომისიამ 41 რეკომენდაცია შეიმუშავა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0