უწყებათაშორისი კომისიის ეგიდით არჩევნებისას ძალადობის წინააღმდეგ პარტიების ერთობლივი კამპანიის იდეას 7 საარჩევნო სუბიექტი გამოეხმაურა

09/09/2016

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის ეგიდით წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში ძალადობის პრევენციის და ამ მიზნით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების მხარდასაჭერად არჩევნებამდე სპეციალური საინფორმაციო კამპანია გაიმართება.
საინფორმაციო კამპანიის მიზანია, არჩევნები ჩატარდეს ძალადობისგან თავისუფალ გარემოში; თითოეულმა ამომრჩეველმა, პარტიის მხარდამჭერმა კარგად გააცნობიეროს, თუ რა ზიანი მოაქვს ქვეყნისთვის წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ ძალადობას.
უწყებათაშორისი კომისიის 7 სექტემბრის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარტიებს კამპანიაში ჩართვის თხოვნით მიმართა და ძალადობის წინააღმდეგ ერთობლივ სატელევიზიო ვიდეორგოლში მონაწილეობა შესთავაზა. კამპანიის ფარგლებში ძირითადი მესიჯის მიხედვით შეიქმნება ერთიანი ვიზუალური კონცეფცია, რომელიც არჩევნების დასრულებამდე აქტიურად გავრცელდება ყველა საკომუნიკაციო არხის საშუალებით. იუსტიციის მინისტრის იდეის თანახმად, ყველა საარჩევნო სუბიექტი ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ სატელევიზიო რგოლში ერთად მიიღებს მონაწილეობას და მხარდამჭერებს და ამომრჩეველს მოუწოდებს, არ დაუშვან ძალადობა წინასაარჩევნო პერიოდსა თუ უშუალოდ არჩევნების დღეს. თეა წულუკიანის განცხადებით, ეს იქნება უპრეცედენტო სატელევიზიო რგოლი, სადაც ყველა პარტია, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, მშვიდობიანი არჩევნების ჩატარებისთვის ერთიანდება. ვიდეორგოლის დამზადებისა და განთავსების ხარჯებს იუსტიციის სამინისტრო გაიღებს.
ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ვიდეორგოლში მონაწილეობის სურვილი შემდეგმა საარჩევნო სუბიექტებმა გამოთქვეს გამოთქვეს:
„ზვიადის გზა – უფლის სახელით”;
„საქართველოს მშვიდობისათვის“;
„კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე – მემარცხენე ალიანსი”;
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”;
„საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია“;
„ჩვენები – სახალხო პარტია”;
„პატრიოტთა ალიანსი”.
უწყებათაშორისი კომისია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის იუსტიციის მინისტრის 29 ივნისის ბრძანებით საარჩევნო კოდექსის თანახმად შეიქმნა და მან პირველი სხდომა 13 ივლისს გამართა. დღემდე კომისია ორ კვირაში ერთხელ იკრიბებოდა, სექტემბრიდან კი სხდომები კვირაში ერთხელ გაიმართება.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვეტს.
უწყებათაშორისი კომისია 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების პერიოდშიც ფუნქციონირებდა. კომისია შეიქმნა 2015 წლის შუალედური არჩევნებისთვისაც. საერთო ჯამში, სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად კომისიამ 41 რეკომენდაცია შეიმუშავა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0