თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. სხდომას დაესწრნენ კომისიის წევრები − აღმასრულებელი ხელისუფლების, საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიებისა და ბლოკების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დღევანდელ სხდომაზე უწყებათაშორისმა კომისიამ შესაძლო დარღვევების თაობაზე დამკვირვებლებისა და საარჩევნო სუბიექტების განცხადებები განიხილა, ხოლო კომისიაში შემავალმა უწყებებმა იმ რეაგირებების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც შესაძლო დარღვევებს მოჰყვა. განცხადებების ნაწილს ცესკო სწავლობს, ნაწილზე კი დაწყებულია გამოძიება შსს-სა და მთავარ პროკურატურაში. გარდა კომისიის წევრების მიერ შემოტანილი განცხადებებისა, სხდომაზე ის შესაძლო დარღვევებიც განიხილეს, რომლებიც უწყებათაშორისმა კომისიამ მედიაში გავრცელებული მასალის მონიტორინგის ფარგლებში მოიპოვა. კომისიამ მათი შესწავლისა და მათზე რეაგირების გზებზე იმსჯელა. უწყებათაშორისი კომისია თანამშრომლობს საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებთან, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან. სამუშაო პროცესში მონაწილეობენ კომისიის წევრები (საქართველოს შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ფინანსთა; თავდაცვის; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის; განათლებისა და მეცნიერების; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები; აგრეთვე, მთავარი პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი), კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვეტს. უწყებათაშორისი კომისია 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდშიც ფუნქციონირებდა. კომისია შეიქმნა 2015 წლის შუალედური არჩევნებისთვისაც. ჯამში, სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად კომისიამ 48 რეკომენდაცია შეიმუშავა. უწყებათაშორისი კომისიის ეგიდით და მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველად 2016 წელს წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის პრევენციისა და ძალადობის წინააღმდეგ ჩატარდა სპეციალური საინფორმაციო კამპანია (17 სექტემბერი – 30 ოქტომბერი), რომელშიც მონაწილეობა მიიღო საარჩევნო სუბიექტის 11-მა ლიდერმა; შეიქმნა ვიდეორგოლი, სადაც პოლიტიკოსები მხარდამჭერებს არჩევნების ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ჩატარებისაკენ მოუწოდებდნენ. ვიდეორგოლი 18 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში 967 620-მა მაყურებელმა, მინიმუმ, ერთხელ მაინც ნახა. კომისია იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანებით (https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/3719758) შეიქმნა და მისი მიზანი 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნაა.
უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა
12/09/2017