საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განაცხადებით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილებოდა დოკუმენტი შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის შესახებ, რომელიც პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნა.
,,ვისაუბრეთ ნატო-სთან თანამშრომლობის ფორმატებზე. იმ პროგრესზე, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს. ვისაუბრეთ ნატო-ს მომავალი სამიტის დაგეგმვის პროცედურებზე, საქართველოს თავდაცვის გეგმაზე, განვიხილეთ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ის წვრთნები, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს და ის სირთულეები, რომლებიც აქვს ჩვენს მოქალაქეებს ოკუპირებულ რეგიონებში“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედმა წევრებმა განიხილეს ასევე: სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები: ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესი – საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა – საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმის პროექტის საკვანძო საკითხები; ასევე, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა და იქ არსებული უსაფრთხოების გარემო; რუსეთის ფედერაციის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული სამხედრო სწავლებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათი გავლენა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე და მზადება ნატო-ს მომავალი სამიტისათვის.
საქართველოს პრეზიდენტთან და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან დავით რაქვიაშვილთან ერთად,ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ: პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა.
უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილებოდა დოკუმენტი შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის შესახებ, რომელიც პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნა
29/09/2017